თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარება - ოჯახი 23 წლის გოგოს დაბრუნების მოლოდინში

გამოქვეყნდა:

23 წლის გოგოს ძებნა მესამე დღეა, უშედეგოდ მიმდინარეობს. თამარ ბაჩალიაშვილი ბოლოს თეთრიწყაროს მუნიცეპალიტეტის სოფელ გოლთეთის ცენტრში ნახეს. სწორედ ამ ადგილიდან ქრება ახალგაზრდა პროგრამისტის კვალი. ვერსად პოულობენ მის ავტომობილსაც.

დაზუსტებით არავინ იცის, რა მიზნით გაემგზავრა ახალგაზრდა ქალი მარნეულისკენ, სადაც მას არც ახლობლები და არც ნაცნობები არ ჰყავს. ბაჩალიაშვილის ავტომობილის მოძრაობის ტრაექტორია სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, თუმცა მისი კვალი მალევე საბოლოოდ ქრება. გოგონას დედა ვარაუდობს, რომ მის შვილს სახლიდან გასვლა აიძულეს.

ბაჩალიაშვილი სახლიდან შაბათ დილას გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. დედას ეჭვი აქვს, რომ მისი შვილი მარნეულის მიმართულებით მოტყუებით წაიყვანეს.

იმ დროს, როდესაც გოგონამ სახლი დატოვა, შინ არავინ იყო. მეზობლებმა არ იციან, როდის გავიდა თამუნა სახლიდან, თუმცა მანამდე ბინიდან არც ხმაური გაუგიათ და არც ის შეუმჩნევიათ, რომ სადარბაზოში ვინმე უცხო პირი შესულიყო. 

როგორც ირკვევა, 23 წლის გოგომ საკუთარი ავტომობილით ქვემო ფონიჭალა დაახლოებით დილის 10 საათის შემდეგ დატოვა. არსად შეჩერებულა. 11 საათზე კამერები მას მარნეულში აფიქსირებენ. დაახლოებით 12 საათისკენ კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან. ამ ადგილიდან დაკარგულის ავტომობილი ვიდეოკამერებს აღარ შეუნიშნავთ. ოჯახი ამბობს, რომ ამ სოფლებში ნათესავები არ ჰყავთ. როგორც იციან, არც თავად თამარს ჰყოლია ნაცნობები. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით მისი წასვლის მოტივი ოჯახისტვის გაუგებარია. 

სოფელ ხაიშიდან რამდენიმე კილომეტრში თამუნას კვალი სოფელ გოლთეთში ჩნდება. ამ სოფელში გოგო, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, რამდენიმე ადამიანმა ნახა. 

ოჯახმა პოლიციას გოგოს გაუჩინარებიდან ექვს საათში მიმართა. პირველი სამძებრო სამუშაოები საღამოს რვა საათიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. თეთრიწყაროს პოლიციაში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ეძებენ ყველგან. მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივებიც ჩაერთვნენ, გამოკითხულია სოფელ გოლთეთისა და ხაიშის თითქმის ყველა მაცხოვრებელი, თუმცა ვერც გოგოს და ვერც მის ავტომობილს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.

პარალელურად, გამოკითხვების სერია დაიწყო ქვემო ფონიჭალის პოლიციის სამმართველოშიც. დღეს გოგოს უახლოეს მეგობარს, დეა კაპანაძეს, გამომძიებლები ექვს საათზე მეტხანს ჰკითხავდნენ. გოგო ამბობს, რომ მეგობარს რამდენიმე დღის წინ ესაუბრა და დაზუსტებით იცის, რომ მას მარნეულისა და თეთრიწყაროს ტერიტორიაზე ნაცნობები არ ჰყოლია. თამარის გაუჩინარების მიზეზებსა და ვერსიებზე მეგობარს საუბარი უჭირს. 

სად გაქრა გოგო, ვერცხლისფერი "ჰიუნდაი აქცენტით", ამ დრომდე ვერ დგინდება. სამართალდამცველებისგან ოჯახს აქვს ინფორმაცია, რომ გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. მშობლებს მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ შვილის გაუჩინარებას წინ ოჯახური კონფლიქტი არ უძღოდა. ეჭვობენ, რომ ვინმემ გაიტყუა, ან აიძულეს მარნეულისა და ხაიშის გავლით თვითონვე ადგილზე, სადაც მანამდე არასოდეს ყოფილა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი