მერიის მიერ დავიწყებული და სიკვდილისთვის განწირული ცხოველები

გამოქვეყნდა:

კახი კალაძის დაქვემდებარებაში მყოფმა სააგენტომ საკუთარი მოვალეობა დაივიწყა. დედაქალაქში მიუსაფარი ძაღლების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, თუმცა მათზე პასუხისმგებლობას შესაბამისი სამსახურები არ იღებენ. 

თბილისის ყველა უბანში, სკვერსა თუ ეზოებში ვხვდებით მიუსაფარ ცხოველებს, რომლებიც საკვების და თავშესაფრის მოსაძებნად ყოველდღიურად რთულ გზას გადიან.  მიუსაფარ ცხოველებზე  მოვლა -პატრონობა ცხოველთა დაცვის სააგენტოს პირდაპირი მოვალეობაა. სააგენტო 2015 წელს შეიქმნა და მას სახელმწიფო 4 მილიონამდე ლარით აფინანსებს, თუმცა სად იხარჯება ეს თანხა უცნობია. ის რომ სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ცხოველები, ქუჩაში მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველნი არიან ეს არაერთხელ დადასტურდა. 

16 ივლისს  თბილისში წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 67 წლის ქალი პიტბულმა ისე დაგლიჯა, რომ დაზარალებული ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ქალს ნაფლეთოვანი ჭრილობები თავის, კისრის, გულ-მკერდისა და კიდურების არეში აღენიშნება. მეზობლები უშედეგოდ ცდილობდნენ ქალის ძაღლისგან დახსნას, საბოლოოდ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება გახდა საჭირო. სოციალურ ქსელში მომხდარს არაერთი შეფასება მოჰყვა. მოქალაქეები წერდნენ რომ ძაღლის აგრესიულობის შესახებ ყველამ იცოდა, თუმცა შესაბამისი ზომები არავის მიუღია.

2015 წლის მონაცემებით, თბილისში 50 000-მდე მიუსაფარი ძაღლი იყო, თუმცა მას შემდეგ რაოდენობა აღარ დათვლილა. ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა ნებისმიერ დღეს მიუსაფარი ცხოველების აგრესიის მსხვერპლი გახდნენ ამბობენ, რომ თუ სახელმწიფო არ შეცვლის ცხოველების მიმართ პოლიტიკას და უყურადღებობის მაგივრად უპატრონო ცხოველებზე არ იზრუნებს, საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება.

ცხოველთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ლომჯარიამ სამსახურში ყოფნის მიუხედავად, მთავარის კამერასთან საუბარი არ ისურვა. მოგვიანებით პრესსამსახურმა გვითხრა, რომ ამ თემაზე კომენტარს სააგენტო არ გააკეთებდა. 

უცნობია როდის დაინტერესდება სახელმწიფო ქუჩაში მიტოვებული ცხოველებით. მანამდე კი მათ საკვების და პირობების გარეშე კვლავ ქუჩაში მოუწევთ გათენება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი