
მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 5 ივლისის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულები ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გამართლდნენ და პირველი ინსტაციით განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდათ.
კოალიციის შეფასებით, აღნიშნული განაჩენი ჟურნალისტების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია.
"საგანგაშოა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებების მიუხედავად, ამ დრომდე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია. საქართველოს სახალხო დამცველმა, მედიის ადვოკატირების კოალიციამ და მისმა წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მიმართეს გენერალურ პროკურატურას 5 ივლისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით.
სამწუხაროდ, მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებები არ დგამენ სათანადო ნაბიჯებს მედიაზე მასშტაბური თავდასხმის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, მაშინ როდესაც ორგანიზებული ძალადობის შედეგად 56 პირი, მათ შორის, 47 ჟურნალისტი დაზარალდა. თავდასხმის შემდეგ 31 პირი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს ჟურნალისტების უფლებების ეფექტიანი დაცვა, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს მედიაზე ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორებისა და მონაწილეების პასუხისგებაში მიცემა.