
თბილისის საქალაქო სასამართლოში “ვაკის პარკში” მომხდარ ტრაგედიაზე პროცესი იმართება. სხდომას ბრალდებულებიც ესწრებიან.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა, კომპანია „გრინსერვის პლუსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა ფურცხვანიძემ მოსამართლეს მიმართა:
"პატივცემულო მოსამართლევ, მე მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ და ვერ შემიფარდებთ სხვა ღონისძიებას, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი ერთადერთი თხოვნაა - დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენნაირად არანაირი დანაშაული არ მიუძღვით და ჩემ შემთხვევაში, მე ღმერთის წინაშე ნამდვილად არ ვარ დამნაშავე, გთხოვთ, ამ ადამიანებს შეუცვალეთ აღკვეთის ღონისძიება. მეტი არაფერი მინდა" მიმართა ფურცხვანიძემ მოსამართლე [IPN]
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რა დროსაც შადრევანში 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 18 ოქტომბერს, 9 პირი დააკავა. მათ შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.
ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.