სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველია - SJC სტრასბურგზე

გამოქვეყნდა:

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი, რომელმაც ევროსასამართლოში განაცხადი მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით წარადგინა.

ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა მათი კრიტიკული შეფასება გამოძიების პროცესთან მიმართებით, რაც შეეხება სიცოცხლის უფლების შინაარსობრივ დარღვევას, სტრასბურგმა ის ვერ დაადგინა ხარვეზიანი გამოძიების გამო.

ორგანიზაციის ცნობით, სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველია: 

"სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რამდენადაც, მიიჩნია, რომ  გამოძიება იყო არაეფექტური. სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა ჩვენი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით გვქონდა. მათ შორის, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის საკითხი, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობაში გამოიხატა; ასევე, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა; 
გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმენების ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა; ასევე გამოძიების პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის  არ  მინიჭება მათთვის.  სასამართლომ ამ კუთხით ასევე კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არ ქონის გამო, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო.  

სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა. 
სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი,  სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა.  

ამასთანავე, სასამართლომ არ განიხილა მე-3 მუხლით  დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ასევე, ცალკე არ განუხილავს 13-ე მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე), რადგან მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო. 

მოგვიანებით, ჩვენი ორგანიზაცია შემოგთავაზებთ საქმის სრულფასოვან შეფასებას.

ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება, რაც იმედი გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის სამართლებრივ შესაძლებლობებს მისცემს. " ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ მაჩალიკაშვილების ოჯახს 25 000 ევრო უნდა გადაუხადოს - 10 000 მორალური ზიანისთვის, ხოლო 15 000 ხარჯების ასანაზღაურებლად. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი