ოფიციალური ინფორმაციით, საგარეჯოში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 5

გამოქვეყნდა:

ოფიციალური ინფორმაციით, საგარეჯოში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 5. ამის შესახებ საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ "შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა".

განცხადება სრულად:

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომლთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ადგილზე მუშაობას იწყებენ გამნაღმველები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებას გულისხმობს, - ნათქვამია განცხადებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი