საგარეჯოში დაღუპულთა შორისაა ზაქრო მათიაშვილი, ჩვენი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგალითო მოხალისე - წითელი ჯვარი

გამოქვეყნდა:

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების განცხადებით, საგარეჯოში თავდასხმას ემსხვერპლა მათი მოხალისე საგარეჯოდან. ორგანიზაცია დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს.

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

გარდაცვლილთა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული, მებრძოლი და სიცოცხლისმოყვარული, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგალითო მოხალისე საგარეჯოდან. მადლობა რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით ჭირსა თუ ლხინში", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი