
საგარეჯოში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ცნობილია დაღუპული მოქალქეების ვინაობა, რომლებიც შემთხვევას ემსხვერპლნენ - ნოდარ რჩეულიშვილი, ზაზა ჩიხლაძე, ზაქარია მათიაშვილი და დავით ნასრაძე.
გარდა ამისა, შემთხვევის შედეგად დაიღუპა პოლიციელი, 38 წლის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი. არსებული ცნობით, მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ის ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფერა, რა დროსაც ტყვია მოხვდა.
განცხადება გაავრცელა წითელი ჯვრის საზოგადოებამაც, სადაც ზაქარია მათიაშვილი მოხალისე იყო:
"გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული, მებრძოლი და სიცოცხლისმოყვარული, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგალითო მოხალისე საგარეჯოდან" - აღნიშნავენ წითელ ჯვარში.
ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.
თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია. შემთხვევის დროს მასთან ერთად ბინაში იმყოფებოდა მისი შვილი, რომელიც გამოძიების "ოქროს მოწმეა".