ამასთან დაახლოებით 1 საათის წინ საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვები განახლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კითხავენ თვითმხილველებს.
შეიარაღებული თავადასხმის შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ნოდარ ათუაშვილი ტრაგიკული შემთხვევის ღამეს ნასვამ მდგომარეობაში იყო და მას მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა.
"კონფლიქტი უძღოდა წინ, რომლის შესახებ არაფერი ვიცი, დაღუპულებს შორის, დაღუპულსა და ათუაშვილს შორის. რაზე იყო კონფლიქტი მოუვიდათ მანამდე, არ ვიცი. ბიჭებთან ერთად ვიყავი სროლა რომ ატყდა და გამოვიქეცი ",- ამბობს ადგილობრივი.
გამოკითხულებს შორის ერთ-ერთი მოქალაქე აღნიშნავს: "კონფლიქტი ჰქონია ვინც დახოცა ეს ხალხი და ამ ბიჭს შორის, მეტი არაფერი ვიცი. ვინ ამბობს რა მნიშვნელობა აქვს".
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეიმურაზ კალანდაძე ამბობს:
"დაკითხულია უამრავი მოწმე, მიმდინარეობს გამოძიება. ყველა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება. მოტივთან დაკავშირებით გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ყველა ვინც არის შემხებლობაში, ყველა მოქალაქე იკითხება. იარაღთან დაკავშირებით დანიშნულია უამრავი ექსპერტიზა, დაგზავნილია წერილები და გამოძიება იარაღის წარმომავლობასთან დაკავშირებით გაგცემთ პასუხს",- ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე ორი მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.