უმძიმესი ტრაგედია, რომლის მსგავსიც საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება. 5 გარდაცვლილი და მასირებული ცეცხლი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით. საგარეჯოს ერთი წყნარი უბანი ერთ ჯოჯოხეთურ ღამეს ნამდვილ ბრძოლის ველს დაემსგავსა.
მსროლელი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობით ფეხი დაუცდა 2 წლის წინ, და მოტეხილი ფეხის გამო აქტიური სამხედრო სამსახური ვეღარ გააგრძელა. უფუნქციოდ დარჩენილი ჯარისკაცი, რომელსაც საბრძოლო მოგონებები, იგივე პოსტტრამვული სტრესული აშლილობა ალბათ ისედაც სტანჯავდა, ფისქოლოგიური ფონი, დეპრესია და სახეზეა კლასიკური მაგალითი მასობრივი ხოცვა-ჟლეტისა.
ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების დახმარების პროგრამა ქვეყანაში მეტწილად უმოქმედოა, არადა პრობლემა დგას. თუნდაც ყაჩაღად ქცეული ჯარისკაცის, ესებუას მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ. მეტიც - ხშირად მოქმედი ჯარისკაცებიც კი თავს გარუყულად, დაუფასებლად და უფუნქციოდ გრძნობენ ხოლმე, არათუ ვეტერანები.
მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიწყოთ სტიგმატიზაცია ომგამოვლილი ჯარისკაცებისა. პირიქით, მიზეზი, რის გამოც ე.წ. PTSD შეიძლება სასიკვდილო საფრთხედ იქცეს, სწორედ საზოგადოებისგან გარიყულობა და მიუღებლობაა. ბოლოს და ბოლოს არც პენსია უნდა იმას და არც მედალი, მადლიერება და თანაგრძნობა გამოხატო ადამიანის მიმართ, რომელმაც საკუთარი ახალგაზრდობა, ჯანრმთელობა და სიცოცხლეც კი ჩვენი ქვეყნის სამსახურისთვის გადადო.
ერთი სიტყვით ეს უმძიმესი ტრაგედიაა, საიდანაც სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ფრთხილად ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ მსგავსი ინციდენტები მომავალში თავიდან ავიცილოთ.