საგარეჯოში შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვები განახლდა. სამართალდამცავები თავდამსხმელის, ნოდარ ათუაშვილის ყოფილი ცოლის მეგობრებსა და მეზობლებსა კითხავენ.
ერთ-ერთი მეზობელი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ ნოდარ ავთუაშვილმა სროლა ყოფილი ცოლის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ დაიწყო.
მისივე ინფორმაციით, ავთუაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღი ნაქირავები ავტოფარეხიდან აიღო, თავდაპირველად რამდენჯერმე გასროლა ყოფილი მეუღლის კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელა, რის შემდეგაც მესამე სართულზე, საცხოვრებელ სახლში ავიდა.
"მეუღლის სახლიდან ავტოფარეხი ჰქონდა დაქირავებული კოსტავაზე, ჩემს უბანში, იქიდან აიღო იარაღი და პირველ კორპუსთან დაიწყო სროლა. ჯერ გარეთ ისროდა, მერე მივიდა თავის სახლში და მესამე სართულიდან დაიწყო სროლა", - ამბობს თვითმხილველი.
მისივე თქმით, წარსულში კაცი ყოფილ ცოლზე ძალადობდა.
შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა. მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.