"ლაგუნა ვერეს" დარაჯი, პენსიონერი ზაზა მელაძე, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, აუზის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემა და რკინეული ჯართში ჩააბარეს, სამსახურიდან გაუშვეს. როგორც მან "მთავარი არხის" კორესპონდენტს უთხრა, ამის შესახებ ცნობა დღეს მიიღო, მიზეზი კი გახდა ის, რომ აუზის ტერიტორიაზე მედიის წარმომადგენლები და სატელევიზიო კამერები შეუშვა.
"მთავარის" ჟურნალისტთან პირად საუბრებში მან თქვა ისიც, რომ ხელმძღვანელობამ გააფრთხილა, რომ მედიისთვის არ ეთქვა რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა ჯართში ჩააბარეს და მიუთითეს, რომ მათი გაქრობის მიზეზად 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობა დაესახელებინა და ეთქვა, რომ ეს ყველაფერი მაშინ მდინარე ვერემ წაიღო.
ზაზა მელაძე პირად საუბრებში ამბობს, რომ ძველ სამსახურში მისვლას და პირადი ნივთების წამოღებას რამდენიმე დღეში აპირებს, რის შემდეგაც ის ჟურნალისტებთან საუბარს გეგმავს - რა ხდება ლაგუნა ვერეზე რეალურად.
მედიის წარმომადგენლები კი ლაგუნა ვერეზე არსებული ვითარებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი გმირთა მოედანზე, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე 2 ცათამბჯენს აშენებს.
იხილეთ ასევე: