უკანონო მოსმენების საქმეზე ნიკა გვარამიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

გამოქვეყნდა:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ცნობით, დღეს, 26 იანვარს, თბილისის პროკურატურამ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უკანონო მოსმენების საქმის გამოძიების ფარგლებში დაზარალებულად ცნო. 

საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს, მედიაში სუს-ის ე.წ. კრებსების გავრცელებას, რომლის მიხედვითაც, უწყება სასულიერო პირებს, ჟურნალისტებს, ადვოკატებს, დიპლომატებსა და სხვა პირებს უკანონოდ უთვალთვალებდა და უსმენდა.

გავრცელებულ ფაილებში, ნიკა გვარამიას საუბარიც მოხვდა.

"დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილებამდე საგამოძიებო ორგანოს ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით 2022 წლის 18 ნოემბერს მივმართეთ. 2023 წლის 10 იანვარს პროკურატურისგან გვარამიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოვითხოვეთ. მას შემდეგ კი, რაც ჩვენს ბოლო მოთხოვნაზე პასუხი კანონით დადგენილ ვადაში არ მივიღეთ, ნიკა გვარამიას დაზარალებულად ცნობის შესახებ საჩივარი საქართველოს გენერალურ პროკურორთან წარვადგინეთ", - აღნიშნავს ორგანიზაცია.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან მიყურადების და კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს. 

გამოძიება 2021 წლის 14 სექტემბერს დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი