დასკვნა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმეში გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო, არაერთი შეუსაბამობით გამოირჩევა. ეს საქმეში კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას აჩენს.
ქართველი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე უკრაინელ კოლეგას, გალინა კარმუშინას უპირისპირდება და მის დასკვნებს საეჭვოს უწოდებს. საექსპერტო ბიურო "ვექტორის" ხელმძღვანელი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც უცხოელი ექსპერტის პროფესიულმა კითხვებმა საეჭვო გახადა როგორც სამხარაულის ბიუროს, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებები.
ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც შაქარაშვილის საქმეში ოჯახის დავალებითაა ჩართული, ცხედრის უჩვეულო პოზას ნაადრევი გვამური გაშეშებით ხსნიდა. ახლად აღმოჩენილ ცხედარს რომ გვამური გაშეშება ჰქონდა გამოხატული, წერია სამხაურულის ექსპერტიზის დასკვნაშიც. თუმცა, ალესაქნდრე გეჯაძე ახლა ამტკიცებს, რომ არაგვში ცხედრის აღმოჩენის დროს მას გაშეშება არ აღენიშნებოდა.
"მთავარი არხის" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ თუ ცხედარი მისი აღმოჩენის დროს მართლაც გაშეშებული იყო, მაშინ მან წყალში არა 4 დღე, არამედ გაცილებით ნაკლები გაატარა. ამ ვერსიის გასაჯაროების შემდეგ ალექსანდრე გეჯაძე დღეს ცენტრ "ემპათიის" ექსპერტებს კვალიფიკაციას უწუნებს და ამბობს, რომ ცხედარს აღენიშნებოდა ლპობითი პროცესი, რაც გაშეშებას გამორიცხავს. თუმცა, არავინ უარყოფს, რომ დასკვნაში ორივე გარემოება ნახსენებია.
ცენტრ "ემპათიაში" უკვირთ, რატომ აიღო თავის თავზე დამოუკიდებელმა ექსპერტმა სახელმწიფო უწყებების დაცვა და ამისთვის მის კოლეგებზე თავდასხმასაც არ მოერიდა. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, დასკვნაში გაშეშების გარდა აღწერილია კიდევ რამდენიმე ფაქტობირივი გარემოება, რაც ძიების ოფიციალური ვერსიასა და გარდაცვალების დროს თავდაყირა აყენებს.
ტექნიკური შეცდომა იქნება თუ მცირე შეუსაბამობა, ფაქტია, რომ სასამართლო ექსპერტიზის დაკსვნამ, რომელსაც მთელი ქვეყანა ელოდებოდა, იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი. ამ საკითხით სახალხო დამცველიც ინეტერსდება. ნინო ლომჯარიას შეფასებით, ასეთი აცდენები არასერიოზულობასთან ერთად, გამოძიების კომპეტენციასაც ეჭვქვეშ აყენებს.
თავად დასკვნა, რომელიც სამი კვირის განმავლობაში იწერებოდა, გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, არნახული ზეწოლის პირობებში შედგა.
სამხარაულის ბიუროს ბოლო ერთი წელია ლერი ბარნაბიშვილი ხელმძღვანელობს. მის დანიშვნას ოპოზიციაში 20 ივნისის მოვლენებს უკავშირებენ, რომლის შემდეგაც ცხადი გახდა, რომ ივანიშვილს ამ უწყებაში უკანონო ბრძანებების უსიტყვო აღმსრულებელი სჭირდებოდა. ასეთ კადრად კი ოთარ ფარცხალაძის ყოფილი მაოდგილე და უახლოესი მეგობარი შეირჩა.
"მთავარი არხის" ჟურნალისტურმა გამოძიებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ვერსია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თუმცა, ჟურნალისტების და ცენტრ "ემპათიის" შეკითხვებს სახელწმიფო უწყებები ჯერჯერობით დუმილით პასუხობენ, რაც ისედაც დაბალ საზოგადოებრივ ნდობას კიდევ უფრო აქარწყლებს.