კოვიდ 19-ით ბოლო გარდაცვლილი მამაკაცის შვილი ლილოს ბაზრობაზე მუშაობს. საბითუმო მაღაზია ახლა დაკეტილია, თუმცა გარდაცვლილის შვილი რომელიც ახლა თავადაც ინფიცირებულია, აქ გუშინდელ დღემდე ყოველდღიურად მოდიოდა. ამის მიუხედავად ლილოს ბაზრობაზე დღეს ეპიდემიოლეგები არ გამოჩენილან, არც დეზინფექცია ჩაუტარებიათ და არც იქ მომუშავეები შეუმოწმებიათ ვირუსზე.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ლილოს გარდა ე.წ. დინამოს ბაზრობაზეც მუშაობდნენ, მოვაჭრეები ყვებიან რომ არც ისინი შეუმოწმებია ვინმეს კორონავირუსზე. მათ დღეს მხოლოდ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები ადასტურებენ რომ გარდაცვლილის ახლობლებს, რომლებიც ბაზრობაზე მუშაობენ, კოვიდ 19 უკვე ოფიციალურად დაუდასტურდათ.
თბილისის ბაზრობები ვირუსის ახალი ტალღის საფრთხედ შეიძლება იქცეს. ამიტომ სპეციალისტებმა წესების გამკაცრება გადაწყვიტეს და მოვაჭრეებსა და ტერიტორიაზე შემსვლელ პირებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ.
ეპიდემიის ახალი აფეთქების საფრთხე მხოლოდ თბილისს არ ემუქრება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა გარდაბანში გამოვლინდა. გარდაბნის სოფლებში დილიდან მედიკოსთა რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და ადგილობრივებს მასობრივ PCR ტესტირებას უტარებენ.
ადგილობრივები ტესტირებას არ აპროტესტებენ, თუმცა მათი გაღიზიანება გარდაბანში მედიის გამოჩენამ გამოიწვია. დაძაბულობა იქამდე მივიდა რომ მედიას მუშაობის საშუალება არ მისცეს და ტერიტორია დაატოვებინეს. ადგილზე მყოფი სამართალდამცველები კი ვითარებას მშვიდად აკვირდებოდნენ და სიტუაციის განმუხტვა არ უცდიათ.
ამის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ცენტრში არ ფიქრობენ რომ ვითარება საგანგაშოა და ჯერჯერობით რეგიონი არ ჩაიკეტება. უსაფრთხოების ზომები მხოლოდ გააქტიურებული თერმოსკრინინგითა და მოსახლეობის გაფართოებული ტესტირებით შემოიფარგლება.
გარდაბანს ჯერ ჩაკეტვა არ ემუქრება, თუმცა როგორ იმოქმედებენ ეპიდსიტუაციის გართულბის შემთხვევაში, ჯერჯერობით ჯანდაცვის უწყება ინფორმაციას არ ავრცელებს.