"დასკვნას დაემატა ახალი პუნქტები, რაზეც სასამართლოზე ვიმსჯელებთ" - ამ წუთებში "ემპათიის" ექსპერტები იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ცენტრ "ემპათიის" ექიმები იკრიბებიან. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ექსპერტები იმსჯელებენ იმ დასკვნაზე, რაც მათ კლინიკა ვივა მედისგან მიიღეს. დასკვნაში საუბარია ბოლო ორი თვის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

როგორც ექიმები ამბობენ, "ვივამედის" დასკვნაში "არასასურველი დინამიკა" შეინიშნება. ცენტრ "ემპათიის" წევრების ინფორმაციით, მათ მიერ მანამდე გამოქვეყნებულ დასკვნას ახალი პუნქტები დაემატა, რომელშიც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად, საუბარი იქნება იმაზე თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა.

ცენტრ ემპათიის დოკუმენტს დაცვის მხარე ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე წარადგენს. სხდომაზე დაიკითხება ემპათიის 4 ექსპერტი და გერმანელი ექსპერტი, რომელიც "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად მოიწვია.

"აღმოჩნდა, რომ მთელი რიგი არასასურველი დინამიკა დაფიქსირებული. ჩვენ გავხდით ვალდებული და იძულებული ეს ყველაფერი აგვესახა დამატებითი ინფორმაციის სახით, ძველი დასკვნების ნაწილი გაფართოვდა, დაემატა ახალი პუნქტები, რაზეც ცხადია, ჩვენს სასამართლოზე ვიმსჯელებთ. თითოეული ჩვენგანი ვითხოვდით პაციენტის საზღვარგარეთ დაუყოვნებლივ გადაყვანას, უცხოეთის რომელიმე შესაბამის კლინიკაში, იქ დიაგნოსტიკას და შემდეგ, მკურნალობის გაგრძელებას", - თქვა ლალი ჯავაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარე პენიტენციური სამსახურის მხრიდან დაყენებულ შუამდგომლობაზე პოზიციას დააფიქსირებს.

საუბარია, პენიტენციური სამსახურის დაკვეთით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე. ადვოკატების თქმით, სამხარაულის ექსპერტიზამ არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ ცენტრ ემპათიის დასკვნა შეისწავლა, რაც მათივე თქმით, "კანონის უხეში დარღვევაა".

"ჩვენ ვიკრიბებით, რომ ვიმსჯელოთ სასამართლო პროცესთან მიმართებაში, ჩვენი დასკვნის დამატებით დასკვნასთან დაკავშირებით, რისი შედგენაც განაპირობა ახალმა გარემოებებმა. ბოლო 2 თვის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, იცით, რომ ამჟამად უკიდურესად მძიმეა. იგი პრაქტიკულად საჭიროებს ინტენსიური თერაპიის ღონისძიებებს და თუ არ დაიწყება კვებითი ინფუზია მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება და შეუქცევადი გახდება. რაც შეეხება სამხარაულის დასკვნას, ეს ძალიან ბევრი მიმართულებით იწვევს სერიოზულ ეჭვს, შეიცავს ყალბ ინფორმაციას, საერთოდ საკითხავია, ემპათიის დასკვნაზე და დანართებზეა შესრულებული თუ კიდევ სხვა დოკუმენტაციაზე", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 30 იანვარს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი