7 პირს დაბა გომისმთაში უკანონოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთვა

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 7 პირს წარედგინა. საუბარია დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლებაზე. 

"პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, რომ თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს.
რის საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე, ჯამში 1 405 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს  301 530 ლარის ზიანი მიაყენეს.

ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ. 

შვიდივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომელიც დაუბრუნდა სახელმწიფოს.",- ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას, როგორც დაბა გომისმთაში, ასევე დაბა ბახმაროში ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

მათივე ცნობით, დღემდე,  დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 58 პირის მიმართ და სახელმწიფოს 1 921 829 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი