
მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე, სადაც მისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების შუამდგომლობაზე მსჯელობენ, ჩვენებას ვივა მედის წარმომადგენელი, ქეთევან ღვინიანიძე აძლევს, რომელიც მესამე პრეზიდენტის პირადი ექთანია. ღვინიანიძემ პროცესზე მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა:
"მე არაერთხელ ვაღიარე ეს საზოგადოების წინაშე და მინდა საქვეყნოდაც ვთქვა - მე და ბატონ მიხეილს გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, რაც შეიძლება იყოს მედპერსონალსა და მის პაციენტს შორის. ძალიან მენდობა, არაფერზე უარს არ მეუბნება, კვების საკითხის გარდა. ჩემს მიმართ მას აგრესია არასდროს ჰქონია და ვერაფერს სხვას ვერ ვიტყვი.
დღითი დღე სუსტდება იმიტომ რომ არ იკვებება სრულფასოვნად. ვერ ღებულობს თუ არ ღებულობს საკვებს, ამას მე ვერ გეტყვით. ფაქტი სახეზეა, რომ ადამიანი იკლებს, არის სუსტად. როგორც მედიკოსს გული მტკივა." ამბობს ღვინიანიძე.
კითხვაზე, არის თუ არა დამჯერი პაციენტი, მედიკოსი ამბობს, რომ იყო რამდენიმე დღე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა მედიკამენტების მიღებაზე. ეს იყო გასული წლის 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც მასთან პალატაში სასამართლო სხდომის ჩატარება სცადეს. ამის შემდეგ, ექიმის თქმით, მხოლოდ კონკრეტულ მედიკამენტზე ჰქონდა რეაქცია, როდესაც უთხრა, რომ დიდი ზომის აბის მიღებას ვერ ახერხებდა
"დანარჩენ პრეპარატზე, ძირითადად მე ვუკეთებ, გადასხმები, სისხლის აღება, პროცედურებზე ჩემთვის მას უარი არ უთქვამს, თუ არ ჩავთვლით ბოლო 1 კვირის მანძილზე, როდესაც მას უკვე სჭირდება ხელოვნური კვება, მიცემა იმ პრეპარატების რაც მისთვის აუიცლებელია, მე გუშინწინაც მქონდა საუბარი და კატეგორიულად უარი მითხრა" განაცხადა ქეთევან ღვინიანიძემ.
მისი თქმით, არ იცის კონკრეტული მიზეზი, რატომ აცხადებს უარს მიხეილ საააკშვილი ხელოვნურ კვებაზე, თუმცა ექიმის თქმით, ეს პაციენტის უფლებაა, რადგან ის უგონო მდგომარეობაში არ არის და შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება. მედიკოსის თქმით, ბოლო 1 თვეა მიხეილ სააკაშვილთან საკვები მის დედას შეაქვს და ზუსტად არ შეუძლია იმის თქმა, რითი იკვებება:
"საკვები მანამდე შემქონდა მე. ბოლო 1 თვეა ქალბატონ გიულის შეაქვს და ის ესწრება მის კვებას. ასე, რომ რას იღებს ვერ გეტყვით კონკრეტულად, მაგრამ თუ რამეს იღებს, ძალიან მცირეს. და ეს ეტყობა კიდეც მის წონას. " აღნიშნავს ექიმი.
რაშ შეეხება გონების კარგვის ბოლო ეპიზოდს, "ვივა მედის" წარმომადგენელი ამბობს, რომ ის ფაქტს არ შესწრებია და პალატაში შესვლისას მუხლებზე დაცემული მიხეილ სააკაშვილი დახვდა
"შევედი და ვნახე მუხლებზე დავარდნილ მდგომარეობაში, გონების კარგვა ჩემი თვალით არ მინახავს. დავუძახე ბადრაგს, 2 ბიჭი მოვიდა, ავაყენეთ, დავაწვინეთ, მოვიყვანეთ ნევროლოგი და მეორე დღეს ენცეფალოგრამა გადავუღეთ.
მუხლებზე იყო დავარდნილი და ხელებზე იყო დაყრდნობილი. ვკითხე, აქ როგორ მოხვდით მეთქი და მითხრა, რომ მივდიოდი საპირფარეშოში, თავბრუ დამეხვა და ვიფიქრე ამას დავეყრდნობი და დავვარდიო"თქვა ექიმმა სასამართლო პროცესზე.
ღვინიანიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი აქამდე დამხმარე საშუალებებით გადაადგილდებოდა, ხოლო ბოლო მორიგეობისას, საპირფარეშომდე თავი ეტლით მიაყვანინა.
ექიმმა აღნიშნა, რომ მას არც გაუგია და არც უნახავს, სხვა მედიკოსებთან ჰქონოდა მიხეილ სააკაშვილს დაძაბული ურთიერთობა, გარდა პენიტენციურის მხრიდან გავრცელებული ვიდეოჩანაწერისა:
"არ გამიგია სხვებთან ჰქონდეს დაძაბული ურთიერთობა, არც ჩემი თვალით არ მინახია." აღანიშნა ღვინიანიძემ.