ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით.
დაკავებულმა ბიკე კასიმოვამ სასამართლოს წინაშე არ ისაუბრა. ადვოკატის თქმით, დაკავებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალს, თუმცა ამ ეტაპზე პატიმრობას ეთანხმებიან. რა შუამდგომლობას დააყენებენ მომდევნო პროცესზე ეს ჯერჯერობით უცნობია.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა მძიმეა, არაა გამორიცხული, ფსიქიატრიული ექსპერტიის ჩატარება მოითხოვონ.
დაკავებულს გამოძიება 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით ედავება, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სასტიკი მკვლელობა ქუთაისში 19 ივლისს მოხდა. 30 წლამდე ქალი მეზობლებმა მოკლული იპოვნეს. ადგილობრივების თქმით, ქალი რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა, მას შემდეგ კი, რაც ხმაური შეწყდა, დაახლოებით ორ საათში, მეზობლები მის სახლში ავიდნენ, თუმცა პასუხი არავინ გასცათ. ამის შემდეგ მაშველები გამოიძახეს, თუმცა პოლიციის მოსვლამდე ტრაგედიის ადგილზე არავინ შესულა, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, პოლიციის გარეშე კარის შემტვრევა დაუშვებელია. სახლის კარი მხოლოდ სამართალდამცავების მოსვლის შემდეგ შეამტვრიეს. ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
ბიკე კასიმოვასთან ერთად დაკავებულია ორი პირი, რომელთაც პოლიციისთვის ინფორმაციის შეუტყობინებლობაში ედებათ ბრალი.