იაშვილის კლინიკაში, სამი წლის მართა ხვედელიძის გარდაცვალებიდან 9 თვე გავიდა. ოჯახი ისევ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მოლოდინშია. დასკვნამ უნდა თქვას, რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.
ცნობილია, რომ ბავშვს ოპერაციის შემდეგ სეფსისი განუვითარდა. ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და მათ პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.
"9 თვის წინ დავკარგე შვილი იაშვილის კლინიკაში, ექიმების დაუდევარი მოპყრობით, და იაშვილის კლინიკაში არაჰიგიენური ნორმების გამო ბავშვს პოსტოპერაციულ პერიოდში, ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ განუვითარდა სეფსისი. [...] ცხრა თვეა გამოძიება მიმდინარეობს, იყო დაკითხვებიც, ჩვენ გვიბარებენ, ექიმებსაც, მაგრამ შეფერხებულია გამოძიება იმის გამო, რომ 9 თვის განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ ზუსტი დასკვნა, თუ რა იყო გარდაცვალების მიზეზი", - ამბობს მამა, გურამ ხვედელიძე.
მამა ამბობს, რომ არ აპირებენ გაჩერებას და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ.