"მთავარი არხის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ბადრი ესებუა ოკუპირებულ აფხაზეთში ბესლან ანჩაბაძის სახელით გადადიოდა.
"მთავარი არხის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება რა ჰქონდა თან ძებნილს დაკავების დროს: 295 000 რუსული რუბლი, 3 000 ქართული ლარი, მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რამდენიმე ათეული ვაზნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათი და "პრადას" საფულე.
სამართალდამცავებმა დაკავების დროს არ იცოდნენ, რომ სახლში, სადაც შედიოდნენ, ბადრი ესებუა იმყოფებოდა. სახლის ჩხრეკის დროს, ოთახში, სადაც ესებუა იმყოფებოდა, სამართალდამცავებმა ამოიღეს ზურგჩანთა, სადაც დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი იყო. ზურგჩანთიდან ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა 295 000 რუსული რუბლი და დაახლოებით 3 000 ლარი. სამართალდამცავებმა ჩანთაში დაახლოებით 50 საბრძოლო ვაზნაც ნახეს, ასევე პირველადი დახმარების ნივთები, მობილური ტელეფონის პორტატული დამტენი და სამხედრო ფორმა.
"ამავე ჩანთიდან, ამოღებულ იქნა ერთი ცალი მაჯის საათი, "Viforce-ს" ფირმის, ერთი ცალი კბილის ჯაგრისი, ერთი ცალი კბილის პასტა, ერთი ცალი სველი ქაღალდი, აეროზოლი, 4 ცალი ფრჩხილის საჭრელი, ტელეფონის დამტენი, ერთი ცალი "ფოვერბანკი", პისტოლეტის ჩასადები ჩიხოლი, ერთი ცალი, 9 ცალი ვაზნა, რომელიც მოთავსებულია პარკში, მუყაოს ყუთი, რომელშიც მოთავსებულია 4 ცალი ვაზნა, მუყაოს ყუთი 10 ვაზნით, ორი ცალი მუყაოს ყუთი 25 ვაზნით, სულ 50 ვაზნით, ერთი ცალი მზის სათვალე, ერთი ცალი აფხაზური პასპორტი, ანჩაბაძე ბესლანი, სახელი გვარით. [...] ერთი წყვილი სამხედრო ფორმა, შარვალი, ქურთუკი და ქუდი", - წერია საქმის მასალებში.