მუქარისშემცველი "ინსტაგრამ" მიმოწერები შაქარაშვილის საქმეში

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება კიდევ უფრო ამძიმებს თავის მდგომარეობას. რეპუტაცია შელახული სამართალდამცველები უკვე ყველა ნაბიჯით ღიად ადასტურებენ არაპროფესიონალიზმს, ან საქმის გაყალბების მცდელობას. ახალი მასალები გამაოგნებელ ფაქტებს შეიცავს და ისინი მნიშვნელოვანია, როგორც დანაშაულის გახსნის, ასევე გამოძიების მიკერძოებულობის დასადასტურებლად. ირკვევა, რომ მხოლოდ ახლა,19 წლის მოზარდის მკვლელობიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ ექსპერტებმა აღმოაჩინეს ერთ-ერთი ახალგაზრდის ინტერნეტ მიმოწერა, რომელშიც ის შურისძიებით და სიცოცხლის მოსპობით იმუქრება. მხოლოდ ახლა, ერთი თვის შემდეგ ეგრეთ წოდებული ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილი ამოცნობის პროცედურაზე მიიყვანეს და სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს იუბილარის დაკითხვის პროცესი.

მუქარისშემცველი "ინსტაგრამ"- მიმოწერების აღდგენა, რომელიც ტრაგედიის ღამით თარიღდება, ექსპერტებმა, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შეძლეს. ახალ მტკიცებულებებში აგარკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე არასრულწოავნი ნ.ხ ფიგურირებს, რომელიც მეგობარს შურისძიებაზე ესაუბრება. ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილება მოზარდმა სავარაუდოდ, იმის გამო მიიღო, რომ გამოძიებას მის მიმოწერებში მკვლელობის მუქარა არ ამოეკითხა. სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, მათ ვინც დაპირისპირების დროს მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ მიმოწერების ამოღებიდან მალევე, არასრულწლოვანი კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხა. საგამოძიებო უწყებამ ნ.ხ 21 ივლისს დაიბარა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მოზარდს არც მისი მუქარები და არც ის ადამიანი ახსოვს, ვისაც საბედისწერო ღამეს, შურისძიებაზე ესაუბრებოდა. გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ არასრულწლოვანის მობილიური მეხსიერებიდან ინსტაგრამ მიმოწერაზე, ყველა ინფორმაცია გამქრალია. 

ამ საქმის კიდევ ერთი უცნაურობა ამოცნობის პროცედურაა, რომელიც საგამოძიებო უწყებამ ფეხბურთელის მკვლელობიდან ზუსტად ერთი თვის და ოთხი დღის შემდეგ ჩაატარა. არადა ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილს, აქამდე უნდა ამოეცნო ის არასრულწლოვანი, ვისთან ერთადაც "ტოიოტას" მარკის ავტომანქანით მცხეთიდან თბილისამდე იმგზავრა.საგამძიებო უწყებაში ოქროს მოწმე დღესაც ისე მიიყვანეს და შენობაც ისე დაატოვებინეს, რომ ჟურნალისტებს ამირხანაშვილი არ უნახავთ. 

ამოცნობის პროცედურის პარალელურად, საგამოძიებო უწყება მთელი დღის განმავლობაში კითხავდა საბედისწერო ღამის მონაწილეებს. იუბილარი ანა გაბეჩავა საგამოძიებო უწყებაში ისე შევიდა, რომ დაბარების მიზეზებზე არ უსაუბრია. გამოკითხვის დასრულების შემდეგ კი გაირკვა, რომ იუბილარს აგარაკზე მოხმდარი ჩხუბის ამსახველი კადრები აჩვენეს და ყველა იმ პირის იდენტიფიცირება სთხოვეს, ვინც სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირა. 

საგამოძიებო უწყებამ დღეს დიჯეი კოკო კიდევ ერთხელ გამოკითხა. რა ინფორმაცია ვერ მიიღეს კონსტანტინე ღიბრაძისგან და უცნობია, რატომ გახდა საჭირო მისი კიდევ ერთხელ დაბარება. დიჯეი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დუმს. 

საგამოძიებო უწყებაში მოწმეების გარდა დღეს ადვოკატებიც მივიდნენ. უფლებადამცველებს ამჯერად იმ დამატებითი ტომების მიღება სურდათ, რომელიც საქმეს დაერთო. ხვალ, ვის გამოკითხავს საგამოძიებო უწყება უცნობია. არ არის გამორიცხული გამომძიებლები იმ მიმოწერებით დაინტერესდნენ, რომელიც ფიგურანტებმა გააქრეს, თუმცა უკვე აღდგენილია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი