წინასწარი პატიმრობა გორის პოლიციის მაღალჩინოსანს, რომელსაც 35 წლის ქალის გაუპატიურება ედება ბრალად. მოსამართლემ დაცვის შუამდგომლობა 5-ათას ლარიანი გირაოს შესახებ არ დააკმაყოფილა.
გამოძიება ამტკიცებს, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ბრალს ამძიმებს და ერთ-ერთი მათგანია ის რომ მაღალჩინოსანმა დანაშაული, პოლიციის მანქანაში ჩაიდინა. ასევე მძიმე ფაქტად ითვლება ის გარემოება, რომ სწორედ ეს პოლიციელი, წარსულში უწყებიდან მსგავსი დანაშაულის გამო დაითხოვეს. ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ კი, სავარაუდოდ თავისი გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით, მოძალადე პოლიციელი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მოქმედი პოლიციელი ორი დღის წინ დააკავეს. ცნობილია, რომ ძალადობის მსხვერპლს შვილებით აშანტაჟებდა.
საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.