25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს განაჩენი ძალაში დატოვა და არ დაადგინა მკვლელობის მოტივად რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობა, რასაც პროკურატურა და მოკლულის ოჯახის ადვოკატი მოითხოვდნენ.
მეორე ინსტანციამ მკვლელობისთვის მსჯავრდებულები ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე 15-15-წლიან პატიმრობაში დატოვა:
სამწუხაროდ, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მკვლელობის მოტივად რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობა არ დაადგინა.
დღეს ვერც სააპელაციო სასამართლომ ვერ გასცა პასუხი იმ მნიშვნელოვან შეკითხვას, თუ რატომ მოკლეს ვიტალი საფაროვი?!
სამართლიანობა ვერ იზეიმებს, ვიდრე ზუსტად და კვალიფიციურად არ მიეცემა სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასება აღნიშნულ დანაშაულს. ადამიანის უფლებათა ცენტრი განაგრძობს დაზარალებული ვიტალი საფაროვის ოჯახის ინტერესების დაცვას სასამართლოს ზემდგომ ინსტანციაში და იმედოვნებს, რომ აღნიშნული საქმის უზენაეს სასამართლოში განხივლისას, პალატა გაითვალისწინებს ყველა გარემოებას და სწორ, კვალიფიკაციურ შეფასებას მისცემს აღნიშნულ დანაშაულს. ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია როგორც ამ საქმეზე სამართლიანობის მისაღწევად, ასევე - სიძულვილით მოტივირებული მსგავსი დანაშაულების პრევენციისთვის და სასამართლოს სწორი პრაქტიკის განვითარებისთვის." წერს საფაროვის ოჯახის ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ეკა ქობესაშვილი.
„ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს, თბილისში, დიუმას ქუჩაზე მდებარე ბარ „ვარშავასთან“ მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს.
ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად) და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ეროვნული შეუწყნარებლობის გამო) წარუდგინა.
2019 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს წარდგენილი ბრალდებიდან ამოურიცხა განზრახ მკვლელობა ეროვნული შეუწყნარებლობის გამო და ისინი დამნაშავედ ცნო 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად). სასჯელის სახედ და ზომად კი 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სწორედ ეს განაჩენი დატოვა სააპელაციო სასამართლომ ძალაში.