
ქურდობა მუხიანში - მოსახლეობის კუთვნილი სარდაფი გატეხეს და საკვები პროდუქტები მოიპარეს. ამის შესახებ "მთავარ არხს" ადგილობრივებმა განუცხადეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ საერთო სარდაფიდან წაღებულია სპილენძის ჯამები, მურაბები, კაკალი, ზეთი, ბურღული, ფქვილი და ა.შ. მათივე ინფორმაციით, კორპუსი, რომლის სარდაფიც რამდენიმე საათის წინ გატეხეს, პოლიციის შენობის წინ მდებარეობს. ამ ფაქტის შემდეგ კი მოქალაქეები ამბობენ, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.
"ფიზიკურად მეშინია, რომ ვინმე შეიძლება საჭმლის გამო თავს დამესხას მე, ან ნებისმიერ ადამიანს. ადამიანს შიმშილი ამოძრავებს, საკუთარ თავს და სხვას საფრთხეში აგდებს "გრეჩიხის" გამო", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე "მთავართან" საუბრისას.
მოქალაქეებმა სარდაფის გატეხვის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. თუმცა, როგორც "მთავარ არხს" ადგილობრივები გვიყვებიან, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მათი მეზობლების უმრავლესობა არ გაესაუბრა.