"ბადრი ესებუა ბათუმსა და ზუგდიდში გადაადგილდებოდა თავისუფლად" | ადვოკატის თქმით, 43 დაზარალებულიდან ესებუა ვერცერთმა ამოიცნო

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდვასხმის საქმეზე დაკავებული ბადრი ესებუას ადვოკატები პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ესებუა ციხეში უდანაშაულოდ ზის. 

უფლებადამცველები ბრიფინგზე ამბობენ, რომ  43 დაზარალებულიდან ვერცერთმა ვერ ამოიცნო თავდამსხმელი და ვერ ამბობენ, რომ ის ნამდვილად ბადრი ესებუაა. 

"მიუხედავად იმისა, რომ 43 დაზარალებულია, ამ 43 დაზარალებულიდან არცერთი ადამიანია არ საუბრობს ბადრი ესებუაზე, არანაირად არ უთითებს რაიმე ფორმით, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული",- ამბობს ალექსანდრე კობაიძე, ადვოკატი. 

საქმესთან დაკავშირებით ადვოკატებმა ცოტა ხნის წინ ისაუბრეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ესებუას დაკავებისას შსს-მ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, რის გამოც, ესებუას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

მათივე ინფორმაციით, დაკავებამდე ესებუა თავისუფლად გადაადგილდებოდა, როგორც ბათუმში, ისე ზუგდიდში, ასვევე, გადადიოდა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთშიც. 

"იმის თქმა, რომ ის იმალებოდა არაა მართებული, იმიტომ რომ ის ცხოვრობდა როგორც ბათუმში, ასევე ზუგდიდში, გადაადგილდებოდა თავისუფლად, უბრალოდ მას ეშინოდა, რომ სახელმწიფო მას დასჯიდა სამაგალითოდ. საქმის მასალებში შეგიძლიათ ნახოთ, რომ თითქოს ბადრი ესებუა 3 000 ლარს ინახავდა ქილაში და ისე გადაადგილდებოდა, თუ ვინმეს ამის სჯერა, კი ბატონო , გასაგები იქნება, მაგრამ მერწმუნეთ, ბადრი ესებუა არ გახლავთ ის პიროვნება, რომელიც 2020 წლის 21 ოქტომბერს იმყოფებოდა ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში და მას არ ჩაუდენია დანაშაული", - ამბობს ნიკა მემანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ესებუას ბრალად ედება 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკზე თავდასხმა და 40-ზე მეტი პირის მძევლად აყვანა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს.

საქმეზე ზუგდიდის სასამართლოში სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება, პროცესზე დაიკითხებიან დაზარალებულები, ასევე, ცნობილია, რომ სხდომას ბრალდებულიც დაესწრება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი