
კორონავირუსთან საბრძოლველად, ევროკავშირმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს 1,5 მილიონ ერთეულამდე პირადი დამცავი საშუალებები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის საელჩომ გაავრცელა.
ევროკავშირის განცხადებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტვირთია, რომელიც ქვეყანამ დონორების მხადაჭერით მიიღო. პირადი დამცავი საშუალებები მოიცავს: 5 000 სახის საფარს, 13 200 დამცავ სათვალეს, 30 000 საიზოლაციო ხალათს, 1 000 000 სამედიცინო ნიღაბს და 328 000 რესპირატორს.
სამედიცინო აღჭურვილობა ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიებსა და საავადმყოფოებში ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისთვის განაწილდება.
ევროკავშირი COVID-19 კრიზისის დროს, საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. ამ სამედიცინო საშუალებების მოცულობა ერთ-ერთი ყველაზე დიდია და ქვეყანას სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერებასა და წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკების დაცვაში დაეხმარება, როგორც ახლა, ასევე მომავალში, - თქვა ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის მიმართულების უფროსმა, ვინსენ რეიმ.
ვინსენ რეიმ და სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ჩამოსული დახმარება ოფიციალურად გადასცეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.