"შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს" - ადვოკატთა ასოციაცია "რუსულ კანონპროექტზე"

გამოქვეყნდა:

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია პარლამენტში ინიცირებულ "რუსულ კანონს" ეხმაურება და წერს, რომ ტერმინმა "უცხოური გავლენის აგენტი" შესაძლოა ხელი შეუწყოს უფლებადამცველი ადვოკატების მარგინალიზაციას, რაც გამოიწვევს ადვოკატთა თანასწორობისა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობის კანონით დადგენილი პრინციპის ხელყოფას. 

ასოციაციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ნათლად განიმარტოს რა საფრთხეებისა თუ რისკების პრევენციას ემსახურება აღნიშნული კანონპროექტის მიღების აუცილებლობა.

"მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის შინაარსი, მისი ინიცირების დრო და განხილვის კონფრონტაციული ფონი შეიცავს რისკებს პოლარიზაციის გაღრმავების, სოციალური დაპირისპირებისა და დემოკრატიული პროცესების შესუსტების თვალსაზრისით, რამაც საერთო ჯამში შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. 

არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, როდესაც ფართო საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსების ძირითად წყაროს საერთაშორისო დონორული მხარდაჭერა წარმოადგენს, კანონპროექტის მთავარ მიზნად გამჭვირვალობის გაძლიერების მითითება არასაკმარისად და არარელევანტურად მიგვაჩნია. მნიშვნელოვანია ნათლად განიმარტოს რა საფრთხეებისა თუ რისკების პრევენციას ემსახურება აღნიშნული კანონპროექტის მიღების აუცილებლობა.

საქართველოსთვის არსებითია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, რაშიც ფასეული წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. აღსანიშნავია, რომ ადვოკატთა ასოციაციის არაერთი წევრი ადვოკატი საქმიანობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში, ჩართულია სტრატეგიულ სამართალწარმოების პროცესში და იურიდიულ დახმარებას უწევს მოწყვლად ჯგუფებს. შესაბამისად, კანონპროექტით განსაზღვრული ისეთი ტერმინის გამოყენებამ, როგორიცაა მაგალითად - „უცხოური გავლენის აგენტი,“ შესაძლოა ხელი შეუწყოს უფლებადამცველი ადვოკატების მარგინალიზაციას, რაც გამოიწვევს ადვოკატთა თანასწორობისა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობის კანონით დადგენილი პრინციპის ხელყოფას. 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის მიღების მიზანშეწონილობის განხილვისას აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და იხელმძღვანელოს ევროპის კავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის მოთხოვნათა შესაბამისად" ,- ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, 14 თებერვალს "ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინიცირებენ მეორე კანონპროექტსაც "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია.  პირველი მოსმენით "ხალხის ძალაც" და "ქართული ოცნებაც" ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ ამის შემდეგ კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში გადაგზავნიან.

ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა მას რუსული კანონი უწოდა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. გაეროს განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი