მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც საზღვარგარეთიდან შემოსული დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება.
მათი მტკიცებით, კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შეადგინეს და სხვა დემოკრატიული ქვეყნების "საუკეთესო პრაქტიკაც" გაითვალისწინეს.
ცვლილებების მიხედვით, ქვეყანაში "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრიც" უნდა შეიქმნას.
"მიგვაჩნია, რომ საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში.
სწორედ ამიტომ „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო", - წერია განცხადებაში.
"ხალხის ძალა" აცხადებს, რომ კანონპროექტის მიხევდით იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები - "ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან".
ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილი "ხალხის ძალა" ამბობს, რომ უახლოეს დღეებში კიდევ ერთ კანონპროექტს დააინიცირებენ, რომელიც მედიას შეეხება.