საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე "რუსული კანონის" მეორე ვარიანტიც დაარეგისტრირა. ინიციატივას ჰქვია - "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც განსახილველად კომიტეტებს გადაეცათ.
აღნიშნული კანონპროექტიც "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა დააინიცირეს. მათი მტკიცებით, ის ამერიკული კანონის ანალოგია.
"ეს ვარიანტი, რომელიც ჩვენ დამატებით წარმოვადგინეთ როგორც ალტერნატიული ვარიანტი, ეს არის ამერიკული შესაბამისი კანონმდებლობის ზუსტი თარგმანი. ეს დავარეგისტრირეთ იმ მიზნით, რომ საზოგადოებას საშუალება ჰქონდეს ეს ორი კანონპროექტი თვალნათლივ კომიტეტებზე მოსმენის დროს შეადაროს და დარწმუნდეს, თუ რაოდენ სჯობს ჩვენს მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი ვარიანტი", - თქვა დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა.
ბიუროს სხდომის პარალელურად პარლამენტში მედიის წარმომადგენლები აქციას მართავდნენ. ასევე, დღეს 60-ზე მეტმა მედიაორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, "აგენტად" რეგისტრაციაზე უარს ამბობენ.