თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო გზა - ვინ დაიბარა პროგრამისტი შეხვედრაზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

გამოქვეყნდა:

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს სახლიდან დილით, 10 საათზე გამოვიდა, კორპუსის წინ გაჩერებულ საკუთარ ავტომობილში ჩაჯდა და წავიდა. მისმა მეზობლებმა წარმატებული პროგრამისტი ბოლოს სწორედ ამ დროს ნახეს. 

ბაზარი, სადაც ბაჩალიაშვილი მეზობლებმა ბოლოს ნახეს, მისი საცხოვრებელი კორპუსიდან დაახლოებით 200 მეტრშია. ადგილობრივები ამბობენ, რომ გოგო იმ დილითაც ტრადიციულად ღიმილიანი და მშვიდი იყო. სად მიდიოდა 23 წლის პროგრამისტი შაბათ დღეს, არავინ იცის. გაუჩინარების პირველივე დღეებში დედაც ამბობდა, რომ სახლიდან გასვლის თაობაზე არც ის გაუფრთხილებია. 

ვინ გააღვიძა მძინარე ბაჩალიაშვილი და ვინ დაიბარა შეხვედრაზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში,  გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ამის გაგება კი მარტივად, მისი სატელეფონო ამონაწერების გაშიფვრით იქნება შესაძლებელი. ამ ერთ-ერთ მთავარ შეკითხვაზე პასუხის მიღებამდე კი "მთავარი" შეეცდება გაჩვენოთ გზა, რომელიც 23 წლის პროგრამისტმა ქვემო ფონიჭალიდან თეთრიწყაროს რაიონამდე გაირა და კამერები, რომლებსაც მისი გადაადგილება უნდა დაეფიქსირებინა. 

112-ის პირველი კამერა - რომლის ობიექტივშიც ის აუცილებლად მოხვდებოდა, ფონიჭალის წრესთანაა. როდესაც მან მანქანა მოატრიალა და გზა ზემო ფონიჭალის გავლით მარნეულისკენ განაგრძო. ამ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე მის გადაადგილებასა და სიჩქარეს, რამდენიმე ჭკვიანი კამერა დააფიქსირებდა. ამის შემდეგ ბაჩალიაშვილის მანქანა გამოჩნდებოდა ზემო ფონიჭალიდან გასასვლელში და კიდევ არაერთ კამერაში რომელიც ცენტრალურ მაგისტრალზე მრავლადაა. 112-ის გარდა ის შესაძლოა, ბენზინგასამართი სადგურების სათვალთვალო კამერებსაც ჰყავდეს დაფიქსირებული. 

თუ ამ მაგისტრალით ბაჩალიაშვილი მარნეულამდე ჩამოვიდა, მაშინ ის პოლიციასთან ახლოს დამონტაჟებულ კამერაშიც გამოჩნდება, იმ დროს როდესაც მან გზა უკვე თეთრიწყაროსკენ გააგრძელა. ის, რაც ოჯახმაც დადასტურებულად იცის - ქვემო ფონიჭალიდან საკუთარი მანქანით გამოსული გოგონა სოფელ ხაიშის
კამერას ჰყავს დაფიქსირებული. ფოტო მტკიცებულება მშობლებს გაუჩინარების პირველივე დღეებში აჩვენეს. ხაიშის კამერის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი უკვე სოფელ გოლთეთში ნახეს. 

დღის 12 საათის შემდეგ, ანუ სახლიდან გამოსვლიდან 2 საათში, სოფელ გოლთეთში ბაჩალიაშვილის მანქანა რამდენიმე წუთით იყო. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ გოგოს, სავარაუდოდ, გზა აერია. ისეთ ადგილას მივიდა, სადაც ჩიხი იყო. რადგან გზას ვერ გააგრძელებდა, მანქანა ვიწრო ადგილას მოატრიალა და ტერიტორია ისე დატოვა, რომ ადგილობრივებს არ გასაუბრებია. სად წავიდა ამის შემდეგ, არავინ იცის. თამარ ბაჩალიაშვილის კვალი სწორედ ამ სოფლის დატოვების შემდეგ ქრება. იწყება ძებნა, საქმეში ერთვება პოლიცია. ოჯახს არწმუნებენ, რომ 23 წლის პროგრამისტის ადგილსამყოფელის დასადგენად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტერიტორიებს დრონებით და ვერტმფრენით ათვალიერებენ, თუმცა ოთხი დღე შედეგი არ არის. გაუჩინარებიდან მეხუთე დღეს კი ბაჩალიაშვილის ცხედარს საკუთარი მანქანის უკანა სავარძელზე პოულობენ. სოფელ გოლთეთის გადასახვევიდან რამდენიმე კილომეტრში, გზასთან ახლოს. 

23 წლის პროგრამისტის ცხედრის ამ ადგილზე აღმოჩენამ საქმეში კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა. დაღუპულის ოჯახი და მათი ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ გოგო თბილისიდან თეთრიწყაროს ტყეში საკუთარი სურვილით არ წავიდოდა.   

დაღუპულის ახლობლები ახლა ითხოვენ იმ ადამიანის დადგენას, ვისაც ბაჩალიაშვილი დაღუპვამდე ეკონტაქტებოდა. არ გამორიცხავენ, რომ 23 წლის გოგო მისთვის უცნობ მხარეში წინასწარ გაგზავნილი ლოკაციით მიიყვანეს. ოჯახის ახლობლები ასევე კატეგორიულად გამორიცხავენ თვითმკვლელობის ვერსიას და ამტკიცებენ, რომ წარმატებული პროგრამისტი თავს არ მოიკლავდა. 

ვერსია, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა პოვნის ადგილზე მოგვიანებით მიიყვანეს, რამდენიმე გარემოებით მყარდება. მთავარი მაინც ისაა, რომ თუ ავტომობილი ხუთი დღე იქ იდგა, ვინმე ამას აუცილებლად შეამჩნევდა. მაგალითად მწყემსი. ეს ტერიტორია კი, როგორც ირკვევა, სოფელ მაწევარის საძოვარია და იქ მწყებსემს საქონელი საბალახოდ ყოველდღიურად მიჰყავთ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი