გამოცემა "პუბლიკას" რედაქტორი "მთავარ არხთან" იხსენებს როგორ ვითარდებოდა პროცესები გუშინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის "მთავარ არხს" უყვება, რომ მისი დაკავების ბრძანება პირადად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გასცა.
"პირადად ვაჟა სირაძემ დაიყვირა, მტაცა ხელი ჯერ და დაიყვირა, რომ დააკავეთ. მომცვივდნენ პოლიციელები, მტაცეს ხელი და წამათრიეს მანქანისკენ. იქ იყვნენ ჩემი კოლეგები, რომლებიც ყვიროდნენ, რომ ეს არის ჟურნალისტი, ანუ არაფერი დაუშავებია, რატომ მიგყავთ, მაგრამ ბრძანება იყო გაცემული ასეთი, ჩამტენეს მანქანაში",- ამბობს ზურა ვარდიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საკანონმდებლო ორგანოსთან "ოცნების" რუსული კანონის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა. სწორედ ამ აქციაზე დააკავეს 36 ადამიანი, რომელთა შორისაც იყო "პუბლიკას" რედაქტორიც, რომელიც წუხელვე გაათავისუფლეს ისე, რომ როგორც თავად ვარდიაშვილი ამბობს, ხელწერილიც არ დააწერინეს. ამასთან, დაკავებულების ნაწილი ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია ორგანიზაციებისა და ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, გუშინ საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადასცეს. ცნობილია, რომ განხილვა ორშაბათს გაიმართება.