"ქართული ოცნების" რუსულ კანონს, პარლამენტში, საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადასცეს. ცნობილია, რომ განხილვა ორშაბათს გაიმართება.
მანამდე კი, განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
საკანონმდებლო ორგანოში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ხმაურიანი პროტესტი იყო. პროტესტის მონაწილეებმა უმრავლესობის დეპუტატები დარბაზში "მონებოს", "არა რუსულ კანონს" და "მოღალატეებოს" შეძახილებისა და სტვენის ფონზე შეაცილეს.
ოპოზიცია ითხოვდა, რომ სხდომა არ ჩატარებულიყო. ოპოზიციონერი კაცები პარლამენტში მობილიზებულმა სავარაუდოდ სუს-ის წარმომადგენლებმა, დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. იქამდე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც.
მანდატურებმა დარბაზში არ შეუშვეს პროტესტის მონაწილეები, სამაგიეროდ უპრობლემოდ შევიდნენ "ქართული ოცნების" პროპაგანდისტები.