შაქარაშვილის საქმის ყველაზე დიდი საიდუმლო - სად მალავდნენ უგონო მდგომარეობაში მყოფ ფეხბურთელს

გამოქვეყნდა:

არაგვის ხეობა, საგურამო, ეროვნული გვარდიის სამხედრო ბაზა - ეს არის მობილური კავშირგაბმულობის ანძა, რომელიც შაქარაშვილის საქმის ყველაზე დიდ საიდუმლოს მალავს.

19 ივნისს, საბედისწერო წვეულებიდან მეორე დღეს, საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მიდის საგურამოში, ატარებს ნახევარ საათს ანძიდან 800 მეტრის რადიუსში და შემდეგ ბრუნდება თბილისში. ეს მაშინ, როცა ის პოლიციას უმტკიცებს, რომ ტელეფონი მანგლისში დაკარგა.   

რატომ დაბრუნდა ნიკა ჟვანია საბედისწერო ჩხუბიდან მეორე დღეს არაგვის ხეობაში? ვის შეხვდა ის საგურამოში? რა ნახა და რატომ ბრუნდება მყისიერად უკან თბილისში? გამომძიებელი ჟურნალისტის, ელისო კილაძის ინფორმაციით, სწორედ საგურამოა ის ადგილი, სადაც უგონო მდგომარეობაში მყოფ გიორგი შაქარაშვილს მალავდნენ. სავარაუდოდ რომელიმე ამ აგარაკზე. 

გავყვეთ სატელეფონო ანძების ამონაწერს - 19 ივნისს, საბედისწერო წვეულებიდან მეორე დღეს, ნიკა ჟვანია, სავარაუდოდ, სახლშია. დადიანის 156-ში მდებარე ანძა მის ტელეფონს 13 საათსა და 38 წუთზე აფიქსირებს. 13 საათსა და 58 წუთზე, მის ტელეფონს უკვე სავაჭრო ცენტრ "საბას" თავზე აღმართული ანძა აფიქსირებს. აქედან კი, ის ისევ არაგვის ხეობისკენ მიემართება. უკვე 14 საათსა და 24 წუთზე, ნიკა  ჟვანია საგურამოშია. მის ტელეფონს სამხედრო ბაზაზე დამონტაჟებული ანძა აფიქსირებს. ის ამ ანძის დაფარვის ზონაშია, ანუ, უხეშად, 1000 მეტრის რადიუსში.

საგურამოში ყოფნის დროს, ჟვანია არასრულწლოვან ლ.შ.-ს ურეკავს, რომელიც ასევე ბრალდებულია ამ საქმეზე და რომელიც, ასევე "მერსედესის" მგზავრია. ზარი სულ 11 წამს გრძელდება. კიდევ 36 წუთის შემდეგ კი ჟვანიას ტელეფონს ისევ დადიანის 156-ში განთავსებული ანძა აფიქსირებს. ის აქედან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ნიკოლოზ რევაზიშვილს, კიდევ ერთ ბრალდებულს  უგზავნის, რომელიც საბედისწერო ღამეს თბილისში "ქამრით" დაბრუნდა.

სავარაუდოა, რომ საგურამოში ვიზიტასას მას კონკრეტული მისია ჰქონდა. რა დროსაც, საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულს, ლ.შ.-ს ეკონტაქტება. აღსანიშნავია, რომ საბედისწერო ჩხუბის ღამესაც ყველაზე ხშირად ერთმანეთში სწორედ, ლ.შ., ვახო ჩიქოვანი და ნიკა ჟვანია კონტაქტობენ. სგაურამოში განხორციელებული ზარი იმდენად ხანმოკლეა, რომ, სავარუდოდ, კომუნიკაცია სხვა არხებით გაგრძელდა.

ნიკა ჟვანიამ ჩვენება სამართალდამცველებს 22 ივნისს მისცა. ამტკიცებს, რომ მისი ტელეფონი, შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებულება, 19 ივნისს მანგლისში დაკარგა.

„აღნიშნული მობილური ტელეფონი 2020 წლის 19 ივნისს, გაურკვეველ ვითარებაში დავკარგე, სავარაუდოდ, გზაზე თბილისიდან მანგლისის მიმართულებით, როდესაც მე გამოვიყენე რამოდენიმე სახეობის ტრანსპორტი“.

არადა, დეტალური ამონაწერის მიხედვით, 20 ივნისის დილის სამ საათამდე ჟვანია პირადი ტელეფონით შეუზღუდავად სარგებლობს. ყველა ზარი ნაძალადევის ანძებზე ფიქსირდება. ის არათუ მანგლისში არ მიდის, უბნიდანაც კი არ გამოდის. თუმცა ამაზე გამომძიებლები არაფერს ეკითხებიან.

შაქარაშვილის საქმეში ყველაზე ხშირად გვხდება ნაძალადევში მდებარე სატელეფონო ანძა. ნიკა ჟვანიას სატელეფონო ამონაწერში კიდევ ერთი სკანდალური ეპიზოდი დაჩი ბუაძის გამოჩენაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნახალოვკის ერთ-ერთ "მაყურებლად" ცნობილი ახალგაზრდა ამ საქმეში დოკუმენტურად ფიქსირდება. 18 ივნისს, 22 საათსა და 30 წუთზე ბუაძე ნიკა ჟვანიას ურეკავს.

არსებობს ვარაუდი, რომ დაჩი ბუაძემ იცოდა ნახალოვკელების ჩხუბისა და საქმის გარჩევის შესახებ, რომ ახალგაზრდების დახმარება ჟვანიას მან სთხოვა. თუმცა "მთავარი არხის" მიერ ამ ვერსიების გაჟღერებიდან სამი კვირის თავზეც, ის არავის დაუკითხავს. დაჩი ბუაძე "მთავართან" პირველად ალაპარკდა იმაზე, თუ რა ხდებოდა 18 ივნისის ღამით. მისი თქმით, არათუ ტელეფონზე დაუკავშირდა ჟვანიას, არამედ შეხვდა კიდეც, ოღონდ სრულიად სხვა საქმეზე.

ძიების დაწყებიდან მთელი ერთი თვის განმავლობაში სამართალდმაცველების ყურადღება "ტოიოტა" "ქამრის" მგზავრებზეა გადატანილი. თუმცა არავინ დავობს, რომ სადამსჯელო მისიით ნაძალადევიდან ორი ავტომობილი გავიდა. კამერებში პირველი სწორედ "მერსედესი" ჩნდება, რის შემდეგაც, ფიზიკური დაპირისპირება იწყება. ამ ეპიზოდის შემდეგ, "მერსედესი" აგარაკზე ბრუნდება. ავტოსამრეცხაოსა და "ლიდერ ფუდის" კამერებს შორის აცდენაა. სინქრონიზაციის შემდეგ გამოდის, რომ დაახლოებით ექვსი წუთის განმავლობაში, "მერსედესი" კამერებზე არ ჩანს. როდესაც ვერცხლისფერი მანქანა არაგვის ხიდს მეორედ უახლოვდება, იქ უკვე "ქამრის ეპიზოდი" ვითარდება და შაქარაშვილის დევნაა დაწყებული. "მერსედესს" თავისუფლად შეეძლო მაგალითად შაქარაშვილს დასწეოდა.

"მერსედესი" აგარკზე ბრუნდება, 12 წუთს ატარებს და 01:05-ზე ტერიტორიიდან მიდის. "მერსედესის" წასვლის შემდეგ, აგარიკიდან ჯერ ერთი ავტომობილი გამოდის, რომელიც სავარაუდოდ, ასევე თბილისისკენ მიემართება. დაახლოებით 10 წუთში კი გამოდის მეორე ავტომობილი, რომელიც ჩადის აგარაკთან მდებარე გრუნტიან გზაზე, რის შემდეგაც ის კამერების თვალთახედვის არეალიდან ქრება. საქმის ფიგურანტები, რომლებიც, ჩვენებების მიხედვით, ამ ავტომობილში იმყოფებოდნენ, ამტკიცებენ, რომ ეძინათ. მანქანა 
კამერების მხედველობის არეში საათნახევრის შემდეგ ბრუნდება. მაგრამ ის აშაკარდ აღარ დგას ისე, როგორც გააჩერეს, მისი მგზავრები, არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ჩანან. 

სადღესასწაულო ცენტრის გვერდით არის მიტოვებული ქარხნის ტერიტორია, რომელიც სრულიად უკონტროლოა და ტრაგიკული ღამის შემდეგ სამართალდაცველებს დეტალურად არ შეუსწავლიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი