თვითმკვლელობა გლდანის ციხეში - პატიმარმა თავი სამარტოო საკანში მოიკლა

გამოქვეყნდა:

გლდანის ციხე, მე-8 დაწესებულება. ახალგაზრდა პატიმარი სიცოცხლეს სამარტოო საკანში, კამერების მეთვალყურეობის ქვეშ თვითმკვლელობით ასრულებს.

დიტო კირვალიძე 26 ივნისს ყაჩაღობის სავარაუდო ფაქტზე დააკავეს. სუიციდი პირველივე დღეებში, წინასწარი დაკავების იზოლატორში სცადა. მაშინ გადარჩა. სწორედ ამიტომ, პატიმარი გლდანის მე-8 დაწესებულებაში, სამარტოო საკანში გადაიყვანეს. წესით, დიტო კირვალიძე ადმინისტრაციას განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჰყოლოდა. 

დიტო კირვალიძემ სუიციდამდე უფლებადამცველს უამბო, რომ ნარკოდამოკიდებული იყო და მისთვის
მეტადონის ის დოზა, რასაც აძლევდნენ, საკმარისი არ იყო. 

ადვოკატების ინფორმაციას კატეგორიულად გამორიცხავს პენიტენციური სამსახური. უწყებამ მხოლოდ  წერილობით გვიპასუხა - თვითმკვლელობა დაადასტურეს და აღიარეს, რომ სუიციდისადმი მიდრეკილი პატიმარი აბანოში მარტო დატოვეს...

ადვოკატმა დეტალური ინფორმაციისთვის გლდანის დაწესებულების მთავარ ექიმს ნანა მაღრაძეს მიმართა, თუმცა მან განუმარტა, რომ პატიმრის თანხმობა არ ჰქონდა, ამიტომ დოკუმენტაციას ვერ გააცნობდა. პატიმარი რომ უკვე გარდაცვლილია და თანხმობას ვერ გასცემდა, ეს გლდანის მერვე დაწესებულებაში არავის უფიქრია.

სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულება რომ ყველაზე დახურული სივრცეა, იციან არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მარიამ ჯიშკარიანი ყვება, რომ ბევრის გაგება ამ ციხიდან ვერ ხერხდება, მათ შორის ვერც მეტადონის პროგრამასთან დაკავშირებით.

ჩნდება კითხვა, უკავშირდება თუ არა პატიმრის სუიციდი ციხეში მეტადონის პროგრამის გაუმართაობას. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტისა და "ალტერნატივა ჯორჯიას" საერთო კვლევით შევეცადეთ, რომელი 2019 წელს გამოიცა. კვლევით დგინდება, რომ ციხეებში ჯანდაცვითი ინტერვენციების ორი მნიშვნელოვანი პრინციპია დასაცავი: თანაბარი წვდომა და თანაბარი ზრუნვა. კვლევიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ კაცს სიცოცხლე სწორედ ამ პროგრამის გაუმართაობის გამო დაესრულებინა, როცა პატიმრის მდგომარეობა ციხის 
ადმინისტრაციისთვის სულერთია.

სუიციდის გამოწვევა რომ არასწორად გაწერილ მკურნალობას შეუძლია, ამას ის ფსიქოლოგი ადასტურებს, რომელსაც ამ მიმართულებით წლების გამოცდილება აქვს. სპეციალისტი განმარტავს, რომ სუიციდს მიდრეკილი პატიმარი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩართული პროგრამაში, ამავდროულად ადვოკატისთვის უნდა მიეწოდებინათ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრულ ინფორმაციას მისცემდა

გლდანის მე-8 დაწესებულებაში მომხდარ სუიციდის ფაქტს უკვე იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. მომხდარის შესახებ საქმის კურსშია იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიც. ადვოკატი მომხდარზე პასუხისმგებლობას ციხის ადმინისტრაციას აკისრებს, თუმცა ვის დასჯიან საგამოძიებო უწყებები, ციხეში რომელიც გამჭვირვალობით არ გამოირჩევა არავინ იცის. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი