სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2 მარტს, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 3 მარტს, გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 2 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების ბ.გ-ს და ნ.ნ-ს მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად" - წერია განცხადებაში
გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ სამოქალაქო პროტესტისთვის 36 პირი დააკავა. მათგან ორი, ინტერნეტგამოცემა "პუბლიკას'" რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი და "ტაბულას'" ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი წუხელვე გაათავისუფლეს, დანარჩენები კი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან.
მათ შორის არიან ოპოზიციური პარტიების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები. 27 დაკავებული დიღმის სამმართველოში იმყოფება, დანარჩენები კი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში.