რუსული კანონის გაპროტესტებისთვის დაკავებული აქტივისტების ნაწილი ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე რამდენიმე საათში იმსჯელებს.
"ვაპროტესტებდი რუსული კანონის მიღებას, ვყვიროდი მონებს, მონა ლიზა როცა დავიძახე, აენთო ერთი პოლიციელი, მოტრიალდა და დანარჩენებს მოუწოდა ეგეც წამოიყვანეთ, დაიჭირეთო. რის შემდეგაც რამდენიმე პოლიციელი მომვარდა, ძალით ჩამტენეს მანქანაში და გადამიყვანეს კახეთის გზატკეცილზე, შემდეგ დიღმის იზოლატორში და იქ გავათენე ღამე",- ამბობს თორნიკე კაკალაძე, სტუდენტი.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს, რომლებიც რუსულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
იურისტი ანა თვარაძე კი ამბობს, რომ ყველა მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
"ჩვენმა ერთ-ერთმა დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა განაცხადა სასამართლო სხდომაზე, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადაჭარბებას, რაც იგულისხმებოდა ყელში ხელის მოჭერის ფაქტი",- თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 36 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი დააკავა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კი გამოძიება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე დაიწყო.