
გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილს ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ახვლედიანის და ამირხანაშვილის ჩვენებებში გიორგის ეპიზოდთან დაკავშირებით გაურკვევლობა არ არსებობს. ამ თემაზე მან "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა.
მირიან ნიკოლაძის განცხადებით, როგორც კი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაიდება, ოჯახი კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრ პოზიციას დააფიქსირებს აღნიშნული პირების განზრახ მკვლელობის მუხლით დასჯასთან დაკავშირებით.
ოჯახი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ძალიან სწორი პოზიცია ჰქონდა, როდესაც სახალხოდ არ ლანძღავდა ზოგიერთებივით ამ მოწმეებს. პირიქით, ჩვენ გვქონდა იმედი, რომ რაღაც ეტაპზე ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, რომ ხელი შეეწყოთ გამოძიებისთვის და დღეს ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, განხორციელდა. ახვლედიანისა და ამირხანაშვილის ჩვენებების ურთიერთთანხვედრით არანაირი გაურკვევლობა გიორგის ეპიზოდთან დაკავშირებით არ არსებობს. აქ უკვე გამოიკვეთა სურათი, თუ რა მოხდა რეალურად, - თქვა მირიან ნიკოლაძემ.
ბიძამ აღნიშნა, რომ შაქარაშვილს და მასთან თანმხლებ პირებს დაედევნენ "ტოიოტა ქამრიდან" გადმოსული პირები, აქედან 3 მათგანი გადმოყვათ ხიდზე და გადმოკვეთეს მაგისტრალი, ხოლო 2-მა მათგანმა ჩაუხვია იმავე მხრიდან მდინარე არაგვის ხიდების მიმართულებით. ნიკოლაძის თქმით, როდესაც გიორგიმ ადგილზე ჩაირბინა მას წინ დახვდა 2 პირი, ის მოაქციეს ალყაში და იძულებული იყო არაგვისკენ გაქცეულიყო.
შესაბამისად, ეს მხეცები, არაადამიანები ჩაყვნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ იქ ბავშვს და ჩაახრჩეს მდინარეში. აი ეს არის რეალობა, რომელიც უკვე მტკიცებულებებით არის დადასტურებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება. როგორც კი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მოვა და კიდევ სხვა დასკვნები შემოვა ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრ პოზიციას დავაფიქსირებთ ამ ხალხის განზრახ მკვლელობის მუხლით დასჯასთან დაკავშირებით, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე და მოკლული ფეხბურთელის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებისთვის ბრალის დამძიმებას და მათი 109-ე მუხლით გასამართლებას ითხოვს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება, მანამდე კი 27 ივლისს მცხეთის რაიონული სასამართლო, 17 დაკავებულიდან 11-სთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს.