კიდევ ერთი საეჭვო უცნაურობა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში - ის, ვინც ფეხბურთელის საქმეში პროკურატურამ დარაჯად წარმოგვიდგინა, სულაც არ არის დარაჯი. ეს არის, როგორც ჩანს, ყოფილი ბიზნესმენი, ორი კომპანიის ყოფილი მფლობელი, ორჯერ ნასამართლევი, რომელიც ახლა "ქებაბ ჰაუსში" ცხოვრობს - იმ შენობაში, რომლის გვერდითაც ახალგაზრდებს თავს დაესხნენ.
წესით, მას თვითონაც უნდა გაეგონა და დაენახა ყველაფერი, და ყველაფერი დაინახა მისმა სათვალთვალო კამერებმაც, რომლებიც ახლა აღარ არსებობს - ისინი პატრონმა მოჭრა, იმისთვის, რომ კამერები გაეყიდა.
ტერიტორიის მეთვალყურე ნუგზარ ოთარაშვილი იმ ადგილებს გვიჩვენებს, სადაც კამერებმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ღამის ერთ-ერთი მთავარი ვიდეო მტკიცებულებები ჩაიწერა. ექვსი კამერა "ქებაბ ჰაუსის" შიდა და გარე პერიმეტრს აკონტროლებდა, აქედან ორი შიდა ეზოს იღებდა, სამი გზის სხვადასხვა პერიმეტრს, ერთი კი სასადილოს. ამ კამერებიდან ერთი უწყვეტად იღებდა ხიდს, სადაც გიორგი შაქარაშვილისა და მდევრების ჩხუბის ეპიზოდია ასახული.
დღეს ეს კამერები აღარ არის. ნუგზარ ოთარაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ "ქებაბ ჰაუსში" ცხოვრობს, კამერები გახმაურებული მკვლელობიდან ერთი თვის თავზე ჩამოხსნა. არ ვიცით, როდის ან როგორ გაიგო პოლიციამ კამერების გაქრობის ამბავი, მაგრამ ფაქტია, რომ ოთარაშვილი ამ საკითხზე 20 ივლისს დაკითხეს. ჩვენებაში აღიარებს, რომ ჩამწერი მოწყობილების გაყიდვას აპირებდა. ამბობს, რომ მასზე გამოძებისთვის საინტერესო ინფორმაცია არ ყოფილა.
ამბობს იმასაც, რომ გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია. არადა, მის ჩვენებებში ბევრი შეუსაბამობაა. მათ შორის მის ნასამართლეობასთან დაკავშირებით, რასაც პირველ ჩვენებაში უარყოფს, მეორეში კი ამბობს, რომ სასჯელი ორჯერ მოიხადა, პირველად მანქანის ქურდობისთვის, მეორედ კი ყაჩაღობისთვის. ის ჩვენების სხვა ჩანაწერსაც უარყოფს:
ამბობს, რომ გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია. არადა მის ჩვენებებში ბევბრი შუსაბამობებია. მათ შორის მის ნასამართლეობასთან დაკავშირებით, რასაც პირველ ჩვენებაში უარყოფს, მეორეში კი ამბობს რომ ორჯერ მოიხადა სასჯელი, პირველად მანქანის ქურდობისთვის, მეორედ ყაჩაღობისთვის.
საქმის მასალებში დარაჯად მოხსენიებული ნუგზარ ოთარაშვილი პირველად 20 ივნისს, შაქარაშვილის მკვლელობიდან ორ დღეში გამოკითხეს. სავარაუდოდ, კამერის ჩანაწერებიც სწორედ მაშინ ამოიღეს. მაშინ გიორგის ცხედარი ჯერ კიდევ არ იყო ნაპოვნი და პოლიცია მშობლებთან ერთად გაუჩინარებულ ახალგაზრდას სწორედ ამ ტერიტორიაზე ეძებდა. მოკლე ჩვენებაში ის მხოლოდ კამერების რაოდენობასა და მდგომარეობას აღწერს. პოლიცია ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ოთარაშვილს, რომელსაც ტერიტორიაზე სამი ძაღლი ჰყავს გაშვებული, არც მაშინ და არც მოგვიანებით, ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, არაფერს ეკითხება რაიმე საეჭვო ხომ არ დაინახა ან მოესმა. ეს მითუფრო საინტერესოა იმ დროს, როცა კამერების მიერ გადაღებული ჩანაწერი ოთარაშვილის საცხოვრებელ ოთახში დამონტაჯებულ ეკრანზე უწყვეტად გადიოდა.
ოთარაშვილი ამ ფაქტსაც უარყოფს და გვეუბნება, რომ არც მაშინ იცოდა და არც ახლა იცის, რამდენი ხნის განმავლობაში ინახავდა კამერები ჩანაწერებს და ამ თემაზე საერთოდ არ უსაუბრია.
ყველაზე საინტერესო დეტალი - თუ ოთარაშვილის ვერსიას დავეყრდნობით, რომ პროკურატურამ ვიდეომასალების წაღება მომხდარიდან სამ დღეში დაიწყო, გაუგებარია საქმის მასალებში უწყვეტი, სრული ჩანაწერის ნაცვლად რატომ ვრცელდებოდა დამონტაჟებული ვერსია, საიდანაც რამდენიმე წუთი გამქრალი იყო. რის დამალვას ცდილობდა გამოძიება? ვიცით, რომ პროკურატურის მიერ სხვა კამერის გადაღებული 14-წუთიანი ეპიზოდიც არ ჩანდა იქამდე, სანამ "მთავარმა არხმა" არ გაასაჯაროვა. არადა, ზუსტად ამ კადრებით დამტკიცდა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ, რომ ჩხუბი დაიწყო უშუალოდ აგარაკზე, თუმცა მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება კიდევ არაერთხელ განმეორდა, მათ შორის "ლიდერფუდის" მაღაზიის უკანა მხარეს - რატომ არის ეს ცნობა საინტერესო და რა კავშირშია ავტოსმარეცხაოს ვიდეოკამერებთან?
ნუგზარ ოთარაშვილის ბოლო ჩვენებაში ვკითხულობთ:
მოგახსენებთ, რომ რეალურ დროსთან მიმართებით, აღნიშნული კამერების ცხომილება წარმოადგენს 10 წუთს. კერძოდ, რეალურ დროსთან მიმართებით ათი წუთით უკანაა აღნიშნული კამერების ჩანაწერები.
რაში დასჭირდა პროკურატურას ეს ჩანაწერი? თუ 14-წუთიანი "ლიდერფუდის" ეპიზოდის მასალა გააქრო, საეჭვოა ავტოსამრეცხაოს ეპიზოდი უბრალო აცდენა იყოს. რა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია ის ათი წუთი, რომლის გაქრობაც საქართველოს პროკურატურამ ოთარაშვილს აახსნევინა.
ოთარაშვილი პროკურატურამ მეორედ მხოლოდ მკვლელობიდან ერთი თვის მერე, 18 ივლისს გამოკითხა - ამ დროს მას კამერები უკვე მოხსნილი აქვს და გამოძიებას ამის შესახებ უყვება. ოთარაშვილი ამბობს იმასაც, რომ მოწყობილობის გაყიდვას დაგროვილი ვალების გამო გეგმავდა.
კამერების გასხვისება ვერ მოასწრო, მაგრამ "იაგუარის" ბანკისგან დახსნა მაინც მოახერხა. მანქანის ვალი მან რამდენიმე დღის წინ დაფარა.
პროკურატურის მიერ დარაჯად მოხსენიებული ოთარაშვილი არცთუ შორეულ წარსულში, 2015 წელს ორ კომპანიას ფლობდა. ამბობს,რომ გაკოტრდა და "ქებაბ ჰაუსში" საცხოვრებლად ამიტომ გადავიდა.