თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივლისს, მისსავე ავტომობილში აღმოაჩინეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, საავტომობილო გზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში იდგა. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა.
თამარი დილით ადრე დგება და ფონიჭალიდან მარნეულის მიმართულებით მიდის, როგორც კამერებზე ჩანს, გადაადგილება სწრაფია, ჭკვიანი კამერები მას ბოლოს ხაიშთან აფიქსირებს. რამდენიმე დღის განმავლობაში თამარს გამოძებაც სწორედ ხაიშის მიმდებარედ ეძებს. თუმცა პარალელურად ვრცელდება თვითმხილველების ნაამბობი, რომ მსგავსი ტიპის ვერცხლისფერი "ჰიუნდაი" გოლთეთში დააფიქსირეს.
გოლთეთში ავტომობილის მოძრაობა და შემდგომ იქიდან უკან დაბრუნება, ლოგიკურ ეჭვს აღძრავს, რომ მას ზემოთ ფარცხისისკენ ან სოფელ ჩხიკვთას გავლით ალგეთის წყალსაცავისკენ სურდა წასვლა. რუკაზე ამ ადგილებზე მოსახვედრად მითითებულია, რომ გოლთეთიდან გზა გადადის, თუმცა ეს გზა გაუვალია, რის გამოც, შესაძლოა, თამარი უკან დატრიალდა. ანუ მას გოლთეთის ასახვევი შესაძლოა, მაწევანის ასახვევში შეეშალა და თუკი მობილური ორ საათზე ითიშება, რატომ ვართ დარწმუნებულები, რომ სიკვდილი სწორედ ამ პერიოდში დადგა. ამ მოსაზრებას ამტკიცებს სოფელ მაწევანის მკვიდრი.
რატომ წავიდა, ვის შეხვდა და როგორ დაბრუნდა ეს მხოლოდ ვარაუდებია. თუმცა საკამოდ ურთიერთგამომრიცხავი. ერთი მხრივ, უკანასკნელი თვითმხილველი აღნიშნავს, რომ დიახ ის ნახეს, თუმცა იქვე მეორე მეზობელი აღნიშნავს, რომ თამარს მალევე მოჰყვა მეორე მანქანა.
თუკი შემთხვევის ადგილას ცხელ კვლაზე ავტომობილის გადაადგილებას დავაკვირდებით, უკანასკენლი მანევრი არასტაბილურია, გარემო კი სწორი, ავტომობილი სანამ გაჩერდება ზიგზაგურ მოძრაობას აკეთებს, ანუ, შესაძლოა, მძღოლი ამ დროს არასტაბილურ მდგომარეობაშია.
საეჭვოა, თუკი თამარმა დალია მომაკვდინებლად დიდი რაოდენობის მედიკამენტები, ქაღალდის ნარჩენების ისევ იმ ჩანთაში დაბრუნებაზეც რომ იზრუნა, საიდანაც ისინი ამოიღო. ჯერჯერობით არც მკვლელობის და არც თვითმკვლელობის ხილული მოტივაცია არ არსებობს. თუმცა იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ თვითმკვლელობაზე, აუცილებელია თავდაპირველად გამოძიებამ მაქსიმალურად ობიექტური ფაქტებით მკვლელობის ვერსია გამორიცხოს.
ხშირია შემთხვევვები, როცა ქალები სუიციდის მსგავს ფორმას ირჩევენ, ანუ შედარებით უმტკივნეულო მედიკამენტოზურ ინტოქსიკაციას. ადგილებს კი ცნობიერებაში დალექილ იმ ადგილების შესაბამისს ირჩევენ, რაც მათ სიცოცხლეში საუკეთესო წუთებს უკავშირდება.
თუმცა ის, რომ თამარი სამსახურის მერე სტრესულ მდგომარეობაშია ან ტირის, ეს აპრიორი არ მიუთითებს თამარის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ან სუიციდზე.
ცალსახაა, რომ მისი სამსახურის კომპანია ZAG-ის ირგვლივ დღესაც ბევრი კითხვის ნიშანია. კონკრეტულად, რა სამუშაოს ასრულებდა და რამ მიიყვანა შესაძლო თვითმკვლელობამდე თამარი. სამსახურიდან წამოსვლის მიმოწერაში მას არ სურს ხელმძღვანელის ნახვა და თანამშრომელს თხოვს, რომ გადასცენ მისი დანაბარები და იქვე ურთავს მოწყენილ სმაილს.
ან, მაგალითად, რაში დასჭირდა კომპანია ZAG-ის დირექტორს განცხადება მედიასთან, რომ დიახ, სწორედ მან მიაწოდა იდეა ოჯახს, რომ ტელევიზიებისთვის დაერეკათ და გაუჩინარებული გოგოს შესახებ ეთქვათ, ეს დედამ იმავე დღეს გამორიცხა. "მთავარმა არხმა" დღეს კიდევ ერთხელ გადაამოწმა, მართლა მოხდა თუ არა ასეთი ფაქტი.
ანაბარზე შესაძლო დიდი თახნის არსებობაც გარკვეულ ეჭვს იწვევს, ეს მაშინ, როცა ოჯახს არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ სად მუშაობდა თამარი, ლოგიკურად ისმის კითხვა, ხომ არ მანიპულირებდა ვიღაც შემდგომში ამ თანხებით, ან ხომ არ თეთრდებოდა მისი ანგარშიდან ფული, რომელსაც შემდგომ თამარი ვიღაცას აძლევდა, ან საიდან მოხვდა მედიაში პირადი ინფორმაცია მის ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ, რომელზეც წვდომა ჯერ მხოლოდ გამოძიებას აქვს.
ძალოვანი სტრუქტურის განცხადება და მინიშნება ფსიქოლოგზე საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, რაც გარკვეული სტიგმის მიკერებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ინფორმირებას საზოგადოებისთვის, თუ რა ეტაპზეა ამ წუთში გამოძიება. საქმეში არსებულ მასალებს, მათ შორის ფსიქოლოგის ჩვენებასაც, თუკი ასეთი არსებობს სისხლის სამართლის საქმეში, ადვოკატი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაეცნობა. ვინაიდან, გარდაცვლილის მამა პროკურატურამ უკვე სცნო დაზარალებულის უფლებამონაცხლედ. მანამდე კი საზოგადოება მსჯელობს იმაზე, რა მიზანს ემსახურებოდა გამოძიების მხრიდან გარდაცვლილის ფსიქოლოგთან კონსულტაციების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება.
დიდ ეჭვს იწვევს მამის ნათქვამიც, რომ გამომძიებელმა დაურეკა და განუცხადა, რომ მისი გოგო დიდ შარში იყო. რას ემსახურებოდა ეს ზარი, ან განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თავი შეეკავებინათ გზის პიკეტირებისგან და "მთავარ არხსაც" არ დაკონტაქტებოდნენ.
მას შემდეგ, რაც მიხეილ რამიშვილმა საქმე აიღო, როგორც ის "მთავართან" საუბარში აღნიშნავს, გაიზიარდა აგრესია მისი და მისი ახლობლების მიმართ სოციალურ ქსელებში, "ბოტები" ყოველდღიურად თავს ესხმიან. თვალთვალი და აგრესია.. ანალოგიურზე საუბრობენ "ემპათიაშიც", ისინი უკვე ამ კვირაში სახალხო დამცველისთვის მიამართვასაც გეგმავენ.
ადვოკატი ისევ ელოდება დრონიდან გადაღებულ კადრებს. გამოძიებამ თავად აღნიშნა, რომ ისინი ძებნისას დრონებს იყნებდნენ. რაც შეეხება კამერების ჩანაწერებს ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი დღეს არა კონკრეტულ დროის არამედ იმ ვიდეო ჩანაწერებსაც ითხოვს, სადაც მანქანა ჯერ არ ჩანს, ანუ მას მთელი დღის სურათის აღდგენა სურს.
საზოგადოება გამოძიებისგან უმოკლეს დროში კონკრეტულ და რაც მთავარია, გამჭვირვალე პასუხებს ელოდოება კითხვაზე იყო, სუიციდი თუ მკვლელობა? კითხვებს კი ყოველდღიურად კითხვები ემატება და განცდაც მატულობს, რომ, შესაძლოა, სიმართლე არ ან ვერ ითქმება და პროცესები ჩიხში შევა, ან გაიწელება, როგორც შაქარაშვილის საქმე. საბოლოოდ კი, საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო მძაფრდება დაუცველობის განცდა, რომ სახელმწიფო ვერ იცავს ჩვენს უსაფრთხოებას.