უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თანხა მოტყუებით გადმოარიცხინეს, იყიდეს ძვირადღირებული მანქანები - პროკურატურამ 3 პირის მიმართ დევნა დაიწყო

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა სამი ფიზიკური პირის მიმართ დაიწყო. 

როგორც გამოძიებით დადგინდა, საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეებმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კომუნიკაცია დაამყარეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და მომგებიანი ინვესტიციის და მომსახურების გაწევის ცრუ პირობებით, ათეულობით ათასი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე, რასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

"შემდგომში ბრალდებულებმა აღნიშნული თანხები, მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, განათავსეს პირად საბანკო ანგარიშებზე და  დანაწევრებით განახორციელეს ტრანზაქციები, მათ შორის უკანონოდ მიღებული თანხებით შეიძინეს ძვირადღირებული ავტომობილები, რა გზითაც დაახლოებით 647 000 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
 
გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულების სახელზე რეგისტრირებული 360 000 ლარის ღირებულების სამი ავტომანქანა. დაყადაღებული ქონების ჩამორთმევის მიზნით, პროკურატურის მიერ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები გატარდება", - წერია განცხადებაში.

საქართველოსა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე და  9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი