თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია - საია

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" შეფასებით,  თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია. ორგანიზაცია დისკრიმინაციულად მიიჩნევს კოდექსის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც,  განურჩევლად ყველა სასულიერო პირს სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლება აღარ ექნება და ამას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩაანაცვლებს.

საია წერს, რომ კანონპროექტების ამგვარი ფორმით მიღების შემთხვევაში, მოხდება არსებითად თანასწორი პირების, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების მღვდელმსახურების, უთანასწორო მოპყრობა.

საია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი რელიგიის სასულიერო პირებისთვის უფლებრივი პრივილეგიის მინიჭება, ადამიანის უფლებათა სამართლის პერსპექტივით, დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

"საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს [...].“ამასთან, კონსტიტუციური შეთანხმება „[...] სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.“ აღნიშნულთან კავშირში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მკაფიოდ მიუთითებს, რომ ხსენებული დანაწესი „[...] არ წარმოადგენს მხოლოდ კონსტიტუციური შეთანხმების მიმართ წაყენებულ მოთხოვნას. იგი იმავდროულად მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი საყოველთაო პრინციპების გათვალისწინების აუცილებლობაზე სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის განსაზღვრისას, მათ შორის თანასწორობის მოთხოვნათა დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხში.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ „[...] საქართველოს ისტორიაში ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების მიზანს არ წარმოადგენს მართლმადიდებლობის რელიგიური პრივილეგიების განმტკიცება და ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას.“ სახელმწიფო თანასწორად უნდა მოეპყრას ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო პირს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან მიმართებით", - წერს ორგანიზაცია. 

საია მოუწოდებს როგორც კანონპროექტის ინიციატორებს, ისე, დეპუტატებს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის შესაბამისად იმგვარად, რომ უზრუნველყონ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპის განუხრელი დაცვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი