
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რუსეთის მოქალაქე 2016-2019 წლებში, მისივე შექმნილი კომპიუტერული ვირუსის გამოყენებით, ფლორიდაში მცხოვრები პირების კომპიუტერულ სისტემაში შესაღწევად საჭირო მონაცემებს დაეუფლა, აღნიშნული ქმედებების შედეგად კი დაახლოებით 1 000 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
"ძებნილი პირი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 22 ოქტომბერს ქობულეთში დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის აშშ-ში ექსტრადიცია თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო, რის შემდგომაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ძებნილი პირის ექსტრადიციას აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი გამოეხმაურა, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებთან მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს" - წერია განცხდებაში.