თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების საქმეზე უნდა იმსჯელოს. შეუფარდებს თუ არა სასამართლო 2 000-ლარიან გირაოს ახალგაზრდებს - გადაწყვეტილება საქალაქოს მოსამართლემ უნდა მიიღოს.
მოსამართლის გადაწყვეტილებას 4 ადამიანი ელოდება, მათ შორის სამი აფხაზეთიდან დევნილია. უფლებადამცველი თეონა მიგინეიშვილის თქმით, ახალგაზრდების მიმართ სამართალწარმოება მათი დაშინების მიზნით გრძელდება. აღსანიშნავია, რომ საქალაქოში მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება მარტის აქციის მონაწილე, 16 წლის მოზარდიც.
"მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა ბავშვის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს. ბავშვის დაკავება მოხდა სრულიად უკანონოდ. მას შსს ედავება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ჩადენას, რასაც არ ვეთანხმებით, რადგან ბავშვი პოლიციის მხრიდან გახდა ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი" - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, მარტის აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
ცნობისთვის, დღეს 17:00 საათზე შეხვედრაა ჩანიშნული სახალხო დამცველებსა და აქციის მონაწილე სტუდენტებს შორის. დიალოგის ინიციატორი ახალგაზრდები არიან. მათ სურთ, ომბუდსმენს მიაწოდონ ინფორმაცია სპეცრაზმის ძალადობრივ ქმედებაზე, მათზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სამართლებრივი დევნის შესახებ.