შაქარაშვილის საქმის პირველი სასამართლო - ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი დროზე ადრე დატოვეს

გამოქვეყნდა:

სასტიკად მოკლული გიორგი შაქარაშვილის მეგობრები ბრალდებულებს მხცეთის სასამართლოსთან შავი მაისურებით და მათზე გამოსახული დაღუპული ფეხბურთელის ფოტოებით დახვდნენ. მოსამართლე 3 საათზე მეტხანს იხილავდა საქმის მთავარი ფიგურანტების პატიმრობის საკითხს. გადაწყდა, რომ საქმის არსებით განხილვამდე, ყველა მათგანი გისოსებს მიღმა რჩება.

თუმცა, დღეს ყველაზე საინტერესო იყო ის, რაც თავად სხდომათა დარბაზში ხდებოდა. ბრალდებულების ნაწილმა ისე დატოვა სხდომათა დარბაზი, რომ მოსამართლის გადაწყვეტილების დასაბუთებას არ დაელოდა.

მოსამართლე მაია ოშხარელმა სრულად გაიზიარა და სახელმწიფო ბრალდების პოზიცია, რომლის თანახმად, 11-ვე ბრალდებული მიიმალებოდა, მტკიცებულებები განადგურდებოდა, დაკავებულები კი ახალ დანაშაულს ჩაიდენდნენ. პროცესის მიმდინარეობისას ყველაზე უცნაური საბრალდებო სკამზე მსხდომი პირების განწყობა იყო, რომლებმაც მოსამართლის გადაწყვეტილება არასერიოზულად მიიღეს და დარბაზის დატოვება ერთმანეთის მიყოლებით, მაშინ დაიწყეს, როცა სხდომის ხელმძღვანელი ჯერ კიდევ საკუთარი გადაწყვეტილების მოტივაციას ხსნიდა. 

ბრალდებულების არასერიოზული განწყობა დღეს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა. დარბაზი იმდენად პატარა იყო, რომ დაკავებულები თავის ადვოკატებთან ერთად, არა საბრალდებო კაბინაში, არამედ დამსწრეთა სკამებზე გადანაწილდნენ, ბრალთან დაკავშირებით კი პოზიციებს ადგილიდან აფიქსირებდნენ. ერთადერთი, ვინც დღეს ბრალდება ნაწილობრივ აღიარა, საბურთალოელი ირაკლი წაქაძე იყო, რომელიც საბედისწერო დაბადების დღეზე დაპირისპირების პირველ ეპიზოდში მონაწილეობდა. 

წაქაძის აღიარება, სხდომის დასრულების შემდეგ, მისმა ადვოკატმა განმარტა. პაატა გაბელია ამტკიცებს, რომ წაქაძე კონფლიქტის დროს მხარეებს აშველებდა, რა დროსაც იძულებული გახდა, ჩხუბში ჩართულიყო. 

11-დან 8 დაკავებულმა დღეს წარდგენილი ბრალდება უარყო. ორმა საბურთალოელმა, საბა ჩხარტიშვილმა და საბა გოგშელიძემ კი დუმილის უფლებით ისარგებლეს.

ადვოკატები დღეს 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დაკავებულების გათავისუფლებას ერთმნეთის მიყოლებით ითხოვდნენ, თუმცა დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. 

განხილვის ბოლოს, უფლებათდამცველებისთვის მაინც გაურკვეველი დარჩა, რა არგუმენტაციით იხელმძღვანელა მოსამართლე მაია ოშხარელმა, რის გამოც ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ყველაზე კმაყოფილი სახელმწიფო მბრალდებლები დარჩნენ. პროცესიდან გამოსულმა პროკურორმა არ გამორიცხა, რომ ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის ნაწილში უახლოეს მომავალში დაუმძიმდეთ. დავით ყაზარაშვილმა ბრალის დამძიმება სრულწლოვან პირებთან ერთად არასრულწლოვნებსად უწინასწარმეტყველა. 

დაკავებულების ოჯახის წევრები დღეს საკუთარი შვილების გათავისუფლებას ელოდნენ. სასამართლოს ეზოში მისულები მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები დარჩნენ. ერთ-ერთი ასეთი თენგო ბარბაქაძის მამა იყო, რომელიც მისი შვილის უდანაშაულობაში უცვლელი გადაწყვეტილების შემდეგაც დარწმუნებულია. 

მოსამართლის გადაწყვეტილებას გიორგი შაქარაშვილის მეგობრები სასამართლოს ეზოში ელოდნენ. შავი მაისურებითა და მათზე დატანილი 19 წლის ფეხბურთელის ფოტოებით, მათ სათქმელი საკუთარი დუმილით გამოხატეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი