თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს უნდობლობა გამოუცხადა. ოჯახი ითხოვს ძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყოს. ბაჩალიაშვილები ქვემო ქართლის პოლიციის მაღალჩინოსნებს შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებენ.
გარდაცვლილის მამამ პოლიციის დეპარტამენტში უფროსის მოადგილი ნიკოლოზ იგივე ლადო ბაჭულაშვილი დაასახელა. მამის თქმით, თამუნას გაუჩინარებიდან მეოთხე დღეს სწორედ ბაჭულაშვილმა უთხრა, რომ "მისი შვილი შარშია". მამამ ბაჭულაშვილთან შესახვედრად პოლიციის დეპარტამენტში ადვოკატთან ერთად მივიდა, თუმცა ბაჭულაშვილი არ შეხვდა.
ჯიმშერ ბაჩალიაშვილის ამ განცხადებების შემდეგ შსს-ს გენინსპექციაში გამოკითხვაზე ნიკოლოზ ბაჭულაშვილი დაიბარეს. გამოკითხვიდან გამოსულმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ჯუმბერ ბაჩალიაშვილს ეკონტაქტებოდა, თუმცა უარყო, რომ შვილის პრობლემების შესახებ უთხრა.
ნიკოლოზ ბაჭულაშვილით მედია დღეს პირველად არ დაინტერესებულა. ის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციური აქციების დასაშლელად იყენებდა. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი "მთავარი არხის" არქივში იძებნება , როცა ნიკოლოზ ბაჭულაშვილმა 31 დეკემბერს აქცია დაშალა და აქტივისტები დააკავა.
ოჯახი გამოძიებას არ ენდობა, მათი თქმით, საქმეში ყოველდღიურად უამრავი კითხვა ჩნდება. ერთ-ერთი კითხვაა მტკიცებულებები, რომელიც დღემდე სრულად არ დევს საქმეში. თამუნას ბლოკნოტი, სადაც დაშიფრული პაროლები და კოდებია, გამოძიებას არ ამოუღია. რაც შეეხება მის ბოლო კვალს, "მთავარმა არხმა" გაარკვია რომ ის არა სოფელ გოლთეთში, არამედ მაწევანში, საღამოს საათებში ნახეს.
თამუნა ბაჩალიაშვილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. თუ გამოძიება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, ისინი გაჩუმებას არ აპირებენ და ითხოვენ, ოჯახის ადვოკატს დაუყოვნებლივ გადაეცეს ყველა მასალა, მათ შორის სამძებრო სამუშაოების დროს დრონის გადაღებული კადრები. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მათი 23 წლის შვილი მოკლულია ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.