ბურუსით მოცული ისტორია, რომელმაც მთელი თბილისი შეძრა - ხუთშაბათს საღამოს, დიღომში, 12 წლის ანა დაიკარგა. ეზოში სათამაშოდ ჩასული გოგონა სახლში არ მივიდა. ოჯახთან ერთად ძებნა მთელმა სამეზობლომ დაიწყო. 7-საათიანი ძებნის შემდეგ კი გოგონას ცხედარს მისი სახლიდან სულ 200 მეტრში, ბნელი სკვერის ბუჩქებში პოულობენ. სამართალდამცველები საქმეს ამ დრომდე 109-ე მუხლით იძიებენ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პირველივე საათებში ითქვა, თითქოს გოგონას ვიღაც აედევნა, შემდეგი ვერსია უბედურ შემთხვევას დაუკავშირეს, თითქოს მას საკვები გადასცდა. ოღონდ ეს მაინცდამაინც ბნელ სკვერში და გაუვალ ბუჩქებში მოხდა. ვერსიები ძალიან ბევრი გაჩნდა, გაჩნდა შიშთან ერთად, რომ ქალაქში შესაძლოა ბავშვების მკვლელი დადის. ჯერჯერობით კონკრეტული ვერსია ან რაიმე ხელჩასაჭიდი გამოკვეთილი არ არის, შესაბამისად ნებისმიერ დეტალს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
Post Factum-მა ინტერვიუ ჩაწერა შესაძლოა ამ საქმის ოქროს მოწმესთან, ადამიანთან, რომელმაც 12 წლის ანა ცოცხალი უკანასკნელად ნახა, გამოელაპარაკა კიდეც და სახლში წასვლა ურჩია.