მაკო ჯაბუას შემდეგ შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ორმა ქალმა ამხილა

გამოქვეყნდა:

POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში, ჟურნალისტ მაკო ჯაბუას შემდეგ კიდევ ორმა ქალმა ამხილა. 

მაკო ჯაბუამ 20 მარტს Facebook-ზე დაწერა, რომ რამიშვილმა დაახლოებით 7-8 წლის წინ, სამსახურთან დაკავშირებით გასაუბრების დროს შეავიწროვა. 

"გასაუბრება ნორმალურად დაიწყო. გამომკითხა რაღაცები, მიხვდა რომ "ცოცხალი" გოგო ვარ და შემდეგ დაიწყო: - შენ ისეთი არასტანდარტული და თამამი გარეგნობა გაქვს( წითელი თმები და პირსინგი მქონდა) დარწმუნებული ხარ რომ უბრალო ჟურნალისტი გინდა იყო? - მეთქი, რავი, ახალი ამბების ჟურნალისტობა მინდა. [....]

-ხოდა ასეთი იდეა მაქვს, აუზში ვიღაცები რომ მოიწვიო და უხერხული კითხვები დაუსვა. მაგალითად რა პოზაში მოსწონთ, ფეილები რა ჰქონიათ, რომელ პორნოს უყურებენ... და ისე შენ როგორ პორნოს უყურებ? გიყვარს?

აი მანდ უკვე გადაჭრით ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე. არ ვიცი, ჩემს თავში გადავწყვიტე, რომ არ უნდა შემშინებოდა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რაღაც გადამიტრიალდა, თან გავქვავდი (თავდაცვის ინსტინქტი იყო ალბათ) ვიფიქრე, იქნებ თემა შემიცვალოს და მეთქი "გეი პორნოს ალბათ"

-ხოო, ახლა რომ ჩაგირთო რას იგრძნობ?

-არ ვიცი

- მოდი ვნახოთ, უხერხულ სიტუაციებს როგორ უმკლავდები (ამის მერე რთავს პორნოს)

- რას გრძნობ?

- უხერხულობას (თან არ ვიცი, როგორ შევძელი, მაგრამ საერთოდ არაფერს ვგრძნობდი, ერთი ის იყო რომ ვერ ვდგებოდი ადგილიდან)

- არ გინდა დაან*რიო?

-არა

- მე რომ დავანძ*იო, რას იზამ?

- არ ვიცი", - ნაწყვეტი მაკო ჯაბუას პოსტიდან.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბრისთვის აქამდე მზად არ იყო.

კიდევ ერთი ქალი, რომელმაც შევიწროებაზე ისაუბრა გვანცა ბუდაღაშვილია. მან Facebook-ზე დაწერა, რომ შემთხვევა 2018 წელს მოხდა, როცა POSTV მხოლოდ ონლაინ მედია იყო. მისი თქმით, რამიშვილმა თვითონ მიწერა და უთხრა, რომ გადაცემისთვის ახალ სახეებს ეძებდა.

"ვისაუბრეთ ყველაფერზე პოლიტიკაზე, ჭამაზე, გართობაზე და მიადგა სექსუალურ საკითხებსაც. მითხრა რომ განსაკუთრებული შარმი მაქვს და შემიძლია ჩემი შარმის წყალობით ბევრ რამეს მივაღწიო. (ზუსტად არ მახსოვს როგორ თქვა და ამიტომ ვერ ვციტირებ) უხერხულობა ვიგრძენი და წამოვედი.

რამდენიმე დღეში ისევ მომწერა ან დამირეკა. სამსახურის დაწყება თუ გინდა მოდი რაღაცეები გავარკვიოთო.

მივედი. უკვე ნასვამი იყო და მთელი არსებით პირდაპირ მოითხოვდა რომ ჩემ ფეტიშებზე მელაპარაკა. რა თქმა უნდა რამდენიმე წუთში წამოვედი და უკვე ნათელი იყო ვისთანაც მქონდა საქმე და მივხვდი რომ ამ “სამსახურის” გზა საწოლზე გადიოდა", - ამბობს გვანცა ბუდაღაშვილი.

ის რამიშვილთან მიმოწერის სქრინებსაც აქვეყნებს:

მაკო ჯაბუას პოსტს გამოეხმაურა ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ანანო იაშვილი. მისი თქმით, სექსუალური შევიწროების მსხვერპლი 18 წლის ასაკში გახდა, როცა შალვა რამიშვილი "ტვ იმედში" მუშაობდა და გასაუბრებაზე დაიბარა.

"18 წლის ასაკში , ბავშვი, რომელიც ვოცნებობდი მსახიობობაზე, ტელევიზიაზე, პირადად მან დამირეკა, დამიბარა გასაუბრებაზე ტელევიზიაში ( TV Imedi ), წინასწარ გამაფრთხილა რომ გამომწვევად ჩაცმული მივსულიყავი ( პერსონაჟია ასეთიო ) გასაუბრებაზე რა და როგორ მითხრა და რა გადავიტანე ამას აღარ მოვყვები ამ ეტაპზე, თვეების შემდეგ კიდევ დამირეკა ახალი შემოთავაზებით ( წინაზე უარის შემდეგ) და წლების განმავლობაში პერიოდულად მიგზავნის ისტერიულად მეგობრობის თხოვნას, მერე აუქმებს, მერე მიგზავნის, მერე აუქმებს .... მანიაკია ჩვეულებრივი", - წერს იაშვილი. 

POSTV-იმ განცხადება გაავრცელა, სადაც ამ ისტორიებზე პასუხი არაა. ტელეკომპანია ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ კამპანიაში "ლიბერალ-ფაშისტები" არიან ჩართულები. განცხადებაში ლაპარაკია ნინო ლომჯარიაზე და ეთიკის ქარტიაზე. ხელისუფლებასთან აფილირებული ტელეკომპანია ამბობს, რომ "ფეიკების მამხილებელ ტელევიზიას ფეიკებით ვერ შეაშინებენ".

"პარალელურად, გახშირდა პერსონალური თავდასხმები არხის მენეჯმენტზე და სახეებზე. ავრცელებენ ბინძურ ჭორებს, პრინციპით - „მე დაგაბრალებ და შენ თავი იმართლე“. ამ კამპანიას აქვს ერთადერთი მიზანი, როგორმე ხელი შეუშალონ განვითარებაში POSTV-ის, რომლის რეიტინგიც სწრაფი ტემპით იზრდება და შესაბამისად, იზრდება ტელეკომპანიის გავლენა სატელევიზიო ბაზარზეც", - წერია განცხადებაში.

"საფარის" აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია "მთავარ არხთან" ამბობს, რომ მინიმუმ შალვა რამიშვილის მორალური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

"არაერთი ქალისგან მსმენია, ეს არის შალვა რამიშვილის ჩვეული ქცევა, ეს ადამიანი სისტემატურად ასე ექცევა ქალებს, ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევები. ვფიქრობ, რომ მინიმუმ მორალური პასუხისმგებლობა მაინც უნდა დადგეს ამ ადამიანის. შეიძლება დაგვიანებით საუბრობდნენ მომხდარ ფაქტებზე, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფაქტები არ არის სარწმუნო", - თქვა პატარაიამ.

"უფლებები საქართველოს" იურისტი, ელისო რუხაძე ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება საქართველოში ჯერ კიდევ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გამოწვევად რჩება და დღემდე ქალები საჯაროდ ვერ საუბრობენ აღნიშნულ თემაზე.

შალვა რამიშვილის დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ, რომელმაც თქვა, რომ დამაჯერებელი არაა, "7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე".

ცნობისთვის, წარსულში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში "იმედის" ყოფილმა თანამშრომელმა, წამყვანმა თათია სამხარაძემ ამხილა. რამიშვილი ბრალდებებს უარყოფდა. თათია სამხარაძემ ეს დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოიგო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი