ვარკეთილში, დამწვარი ბაზრის მიმდებარედ მოვაჭრეებს ცენტრალური გზა ნახევარი საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ, შემდეგ კი ისინი გზიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაიყვანეს. დაზარალებულების ნაწილს ამ დრომდე არანაირი დახმარება არ მიუღიათ. ისინი 300 ლარიან დახმარებას, ალტერნეტიული ფართის გამოყოფას და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. ისინი ამჟამად მიმდებარე ტროტუარზე არიან შეკრებილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე ინციდენტები არ მომხდარა და საპატრულო პოლიციამ მოვაჭრეები გზის ცენტრალურ ნაწილს მშვიდობიანად გაარიდა.
შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა ბაზრის შიდა ტერიტორია, თითქმის 4 ათასი კვადრატული მეტრი თითქმის მთლიანად დაიწვა. დამწვარ ბაზრობასთან ხანძრის მეორე დღეს საპროტესტო აქციაც გაიმართა, რომლის მონაწილე მოვაჭრეები ამბობდნენ, რომ ბანკის ვალების გამო გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ხელისუფლებამ მათ ინდივიდუალურ დახმარებას პირდებოდა.