თათია სამხარაძის მიმართ გამოვლენილი ქმედებების გამო SJC შსს-ს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი უკანასკნელ დღეებში მედიასაშუალება "პოსტ ტვ-ის" ჟურნალისტების მხრიდან ყოფილი ტელეწამყვანის, თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ეხმაურება და შსს-ს მოუწოდებს შესაძლო დანაშაულების (ცრუ დასმენის/ადევნების) თაობაზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.

"საეჭვოა, რომ ამ შემთხვევაში, ,,პოსტ ტვ”-ის ქმედებების მიზანს ჟურნალისტური საქმიანობა წარმოადგენდეს, ვინაიდან შეუძლებელია, ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდეს თათია სამხარაძის (რომელიც არ არის საჯარო პერსონა) რომელიმე საცხოვრებელ სახლში, ან სხვა ადგილზე ყოფნასთან დაკავშირებით, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცული სფეროა და მისი გადაადგილების კონტროლი ამ უფლებაში უხეშ ჩარევად უნდა მივიჩნიოთ.

ჩვენი შეფასებით, საკითხის ირგვლივ არსებული გარემოებები, თათია სამხარაძის მიერ სასამართლოში მოგებული საქმე და ბოლო პერიოდის მოვლენები, როდესაც შალვა Რამიშვილი იმავე ქმედებაში სხვა ქალებმაც დაადანაშაულეს, მიუთითებს, რომ Რამიშვილის ტელევიზიის რეალურ მოტივაციას წარმოადგენს ერთი მხრივ, გადაფაროს ზემოხსენებული მძიმე ბრალდებები, მეორე მხრივ კი თათია სამხარაძეს განაცდევინოს ფსიქიკური ტანჯვა. ეს კი თავისთავად საჭიროებს გამოძიებას და მომხდარისთვის რელევანტური სამართლებრივი შეფასების მიცემას", - ნათქვამია განცხადებაში.

24 მარტს, გვიან ღამით, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, წერეთლის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მასთან  პოლიცია POS TV-ის მიერ, 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა. უწყებაში "ჟურნალისტმა" ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ,  სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.  

შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად დაკავებულიც არავინაა. 

სამხარაძის თქმით, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ იმ დანაშაულებით, რომლებსაც შალვა რამიშვილი ჩადის, "პოსტივისთან" ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს. ის ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, საქართველოში საფრთხეშია.

თათია სამხარაძემ  POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების გამო და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი